თავში

უქმნის თუ არა "ნამახვანჰესი" საფრთხეს "ტვიშის" ღვინოს

უქმნის თუ არა "ნამახვანჰესი" საფრთხეს "ტვიშის" ღვინოს
უქმნის თუ არა ნამახვანჰესი საფრთხეს ტვიშის ღვინოს

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია "ნამახვანჰესის" მშენებლობის შედეგად ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“-სთვის შექმნილ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი „მარანი ხეცურიანის“ დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი ხედავს საფრთხეს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობით კლიმატის შესაძლო ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს "ტვიშის" მოსავლიანობას და მის ექსკლუზიურობას. 

სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის Association de la Sommellerie Internationale A.S.I. წევრი), როგორც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებითა და პოპულარიზაციით დაინტერესებული ორგანიზაცია, ადასტურებს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც აქვს ქართულ მეღვინეობაში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიშს“.

ვთვლით, რომ აღნიშნულ მნიშვნელოვან ქართულ აპელასიონს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეული მიკროკლიმატის შესაძლო ცვლილებით. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ ბიზნესპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზეა ორიენტირებული.ვერ შევეხებით, ჩვენი კომპეტენციის გარეთ მყოფ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ უსაფრთხოების საკითხებს. ამავე დროს, ბუნებრივია, ვუთანაგრძნობთ და თანადგომას ვუცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც საუკუნეებია, ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისთვის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშობლიური ადგილების სამუდამოდ დატოვება მოუწევთ.საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.დარგის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებას, სრული და ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, მიკროკლიმატის რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობის შედეგად; რა გავლენას მოახდენს იგი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ტვიშის აპელასიონზე, ადგილობრივ მევენახეობაზე და აქ მოყვანილი ყურძნისგან შექმნილი ღვინის ხარისხზე," - წერია სომელიეთა ასოციაციის განცხადებაში. 

შეგახსენბთ, ტვიშს უნიკალურად აქცევს ადგილ­ობრივი­ მიკროკლიმატი, რომლის გავრც­ელების არე ხვამლის მთის ფერდობზეა, მხოლოდ 15 კვადრატულ კილომეტრზე. ტვიში ლეჩხუმში, ხვამლის ფერდობზე შეფენილი ზვრების თეთრი ღვინოა, რომლის მსგავსი, სომელიეების დასკვნით, მთელ მსოფლიოში არ გვხვდება. ხვამლის ფერდობის კირქვიანი ნიადაგი ღამით 5-6 საათით გვიან ცივდება და ტვიშის ზვრებს ზომიერ სითბოსა და ტენიანობას აწვდის, რის საფუძველზეც უნიკალური ღვინო დგება. ტვიში ჩვეულებრივი ცოლიკა­ურია, მას უნიკალურად აქცევს ადგილ­ობრივი­ მიკროკლიმატი, რომლის გავრც­ელების არე ხვამლის მთის ფერდობზეა, მხოლოდ 15 კვადრატულ კილომეტრზე. ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით ან მთის ფერდობზე ოდნავ უფრო მაღლა მოკრეფილი ყურძნისგან ნამდვილი ტვიში­ ვეღარ დადგება. ტვიში ქარვისფერი ყურძენია, რომლის შაქრიანობა 27 გრადუსამდე აღწევს.

რაც შეეხება ნამახვანჰესს, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თითქმის ორი თვეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სამუშაოების შეწყვეტას და ადგილიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც. 

გარემოსდამცველთა განმარტებით, გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system