თავში

უმუშევართა რიცხვს ძიძებიც შეემატნენ

უმუშევართა რიცხვს ძიძებიც შეემატნენ
უმუშევართა რიცხვს ძიძებიც შეემატნენ

კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო ძიძებისა და ოჯახის დამხმარეებად მომუშავეების ნაწილი უმუშევრად დარჩა.  სამუშაოები მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს მათ, რომლებიც ოჯახებს 24-საათიან მომსახურებას უწევენ. ერთ-ერთმა ძიძამ, ნატო საყვარელიძემ  report-ge-ს აცნობა, რომ საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა  აკრძალული აქვს, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომლის შესრულება ნატო საყვარელიძეს სამუშაოს შესანარჩუნებლად მოუწევს. იმ ოჯახებში კი, სადაც ძიძები და დამხმარეები გრაფიკით მუშაობდნენ, უმეტეს შემთხვევაში, დაითხოვეს.

გარდა იმისა, რომ ,,კოვიდ-19"-ის გავრცელებამ დიდი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკებს,  მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობასაც საფრთხე შეექმნა.  უამრავი დასაქმებული ადამიანი დროებით მაინც უსამსახუროდ დარჩა. 

მათი პრობლემის შესახებ ცნობილია გაერთიანებული პროფკავშირებისთვისაც, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ ოჯახში მომუშავეების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია, რადგან მათ გაცდენილი დრო არ აუნაზღაურდებათ და ამით ყოველთვიური შემოსავალი მოაკლდებათ.

 ,,ოჯახში მომუშავეების სიტუაცია ძალიან მძიმეა, რადგან მათ უმეტესობას სხვა შემოსავალი არ აქვს. ვერც დამსაქმებელს მოსთხოვ რამეს, რადგან მათაც დაკარგეს შემოსავალი ან თუ არ დაკარგეს, სახლში იმყოფებიან და დამხმარე პერსონალის აყვანის საჭიროება, ამ პერიოდში მაინც, არ აქვთ. ამ ხალხს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გამხნევება და გვერდში დგომა. სახელმწიფო სერვისები ამუშავდა და შეუძლიათ, ითხოვონ დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ზოგ შემთხვევაში კი, მოქალაქეებმა უნდა გამოვიჩინოთ სულგრძელობა და ერთმანეთს დავეხმაროთ კრიზისის დაძლევაში", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პეტრიაშვილმა. 

თბილისელი ძიძა ნინა ანთიძე ამბობს, რომ 2 კვირაა არ მუშაობს. 

,,3 წლის ბავშვს ვუვლი. სამსახური არ დამიკარგავს, მაგრამ სახლში გამომიშვეს საშიში მდგომარეობის გამო. ბავშვის დედა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს და ისიც თავის სახლს დაუბრუნდა. ბუნებრივია, რომ თავის პატარას უკვე თითონ მიხედავს, რამდენ ხანსაც ამის შესაძლებლობა ექნება. დანაზოგიც არ მაქვს, რომ 1 თვე მაინც გავიტანო თავი, მინიმალური მარაგიც ვერ გავაკეთე", - ამბობს დროებით უმუშევრად დარჩენილი ძიძა.

ნატო საყვარელიძემ სამსახურის შენარჩუნება სამუშაო გრაფიკის საშუალებით შეძლო. ამბობს, რომ ოჯახში, სადაც მუშაობს, ძიძისა და დამხმარის ფუნქციას ერთდროულად ითავსებს.

,,24 საათიანი გრაფიკი მაქვს, ფაქტობრივად, სხვის სახლში ვცხოვრობ. აქამდე ჩემი ოჯახის წევრების ნახვას ვახერხებდი. ახლა, უსაფრთხოების გამო, შვილებთან და მეუღლესთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს. სამუშაო იმ პირობით შემინარჩუნეს, რომ სახლიდან არ გავალ, სანამ კორონავირუსის საფრთხე სრულად არ გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ ტემპს არ დაუბრუნდება", - ამბობს ნატო გრძელიძე. 

შეგახსენებთ, რომ 18 მარტიდან გაურკვეველი დროით აიკრძალა მიკროავტობუსების გადაადგილება, პრევენციის მიზნით დაწესდა  რიგი შეზღუდვები, ხოლო დღეიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რისი საფუძველიც უსაფრთხოების ნორმების დაცვაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system