თავში

უმუშევრობა გამოწვევად დარჩება პოსტეპიდემიურ პერიოდშიც

უმუშევრობა გამოწვევად დარჩება პოსტეპიდემიურ პერიოდშიც
უმუშევრობა გამოწვევად დარჩება პოსტეპიდემიურ პერიოდშიც

პანდემიამ ყველაზე მეტად საქართველოში შრომის ბაზარი დააზარალა. უმუშევრობა ქვეყანაში მატულობს და ამ პრობლემასთან ბრძოლა საქართველოს მოუწევს პოსტეპიდემიურ პერიოდშიც. ამის შესახებ report.ge-თან ეკონომისტი გივი მომცელიძე საუბრობს. მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის პარალელურად მდგომარეობა მეტნაკლებად გამოსწორდება, თუმცა დასაქმების სტრუქტურულ გაუმჯობესებას დიდი დრო დასჭირდება.

,,შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და სავარაუდოდ ივნისიდან, შეიძლება სრულად მოიხსნას რეგულაციები, მაგრამ ამით შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება. გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, რომ შედეგი ეკონომიკამ იგრძნოს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, დასაქმების მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში გაუარესებულია. ჯერჯერობით კი ყველაზე მეტად პრობლემაა დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით. ამიტომ  ეროვნული ეკონომიკისკენ უნდა გადავდგათ ქმედით ნაბიჯები, ყველაზე მეტად კი, სოფლის მეურნეობას მივხედოთ. გამოწვევა დარჩება პოსტეპიდემიურ პერიოდშიც და ამას მარტივად ვერ გავუმკლავდებით, თუ რეალური სექტორების განვითარებაზე არ ვიზრუნებთ", - აცხადებს ეკონომისტი.

უმუშევრობასთან ერთად დი პრობლემას ქმნის შემოსავლების კლება. ხალხს არ ყოფნის ჯამაგირი და უფრო და უფრო იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ covid-19-ის გამო მოქალაქეებს სიღარიბე ემუქრებათ. 

,,ათასობით ოჯახია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის ფული არ აქვს, ელემენტარულად, საკვების ყიდვის საშუალება არ აქვს ხალხს, ფუფუნების საგნების შეძენაზე ხომ საუბარი გადაჭარბებულიცაა. ეს მდგომარეობა სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან ადამიანები უფრო სწრაფად ინაცვლებენ საშუალო ფენიდან სიღარიბეში, ვიდრე პირიქით - საშუალოდან მაღალ ფენაში. ფასების ზრდამ ამ მხრივ ძალიან მძიმედ იმოქმედა, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება. დღეს სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, უნდა განვავითაროთ მრეწველობა და სოფლის მეურნეობა და ვებრძოლოთ სიღარიბეს. ამ რეჟმში მოგვიწევს ცხოვრება როგორც პანდემიისას, მომავალშიც, როცა პოსტეპიდემიური პერიოდი დაგვიდგება", - აცხადებს აკადემიკოსიreport.ge-თან

ცნობისთვის, საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8 პროცენტული პუნქტით. 

გარდა ამისა, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system