თავში

უმუშევრობის ზრდას კიდევ ელიან

უმუშევრობის ზრდას კიდევ ელიან
უმუშევრობის ზრდას კიდევ ელიან

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის ტენდენცია გაგრძელდება. მათი შეფასებით, შრომის ბაზარზე სიტუაცია არ გამოსწორდება, სანამ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. თუმცა, როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი აღნიშნავს, პრობლემა არა მხოლოდ სამუშაო ადგილების კლებაა, არამედ მოსახლეობის შემოსავლების შემცირებაც, რაც საბოლოოდ დიდ პრობლემას გამოიწვევს.

,,დასაქმების ზრდის პერსპექტივა საქართველოში კიდევ დიდხანს ვერ იქნება საიმედო. აქამდე დასაქმებას ხელს უშლიდა ჩაკეტილობა, შეზღუდვები, რაც ნაწილობრივ ახლაც გრძელდება. ჩვენთან შემოსავლების მიღების ერთადერთი გზა დასაქმებაა. შესაძლოა, სულაც არ იყოს სამსახურზე მიბმული, მაგრამ ადამიანს ჰქონდეს შემოსავალი აქციების ან მცირე ფინანსური პაკეტების სახით, ეს შეიძლება იყოს კერძო საკუთრებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა.  ეპიდემიამ იმდენად სერიოზული პრობლემა შექმნა, რომ ყველა ასპექტში გვიჭირს. ბიზნესს აქტიურობა შემცირებული აქვს. შესაბამისად, სამუშაო ადგილები დაიკარგა, რადგან მოუწიათ თანამშრომლების გათავისუფლება. ხოლო ვინც სამსახური შეინარჩუნა, ხელფასი შეუმცირდა, რაც საბოლოოდ მოსახლეობის მსყიდვითუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის ფონზე მოთხოვნა შემცირდა, ყოველდღიურ ხარჯთან გამკლავება ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას ძალიან უჭირს, ხალხი  ისევ დახმარების მოლოდინშია, რის რესურსიც მთავროაბს რეალურად არ აქვს", -  აცხადებს გერლიანი report.ge-თან.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი ტიპის ეკონომიკა, სადაც კერძო სააქციო საზოგადოებების როლი გააქტიურებულია, რა მხრივაც დიდი პრობლემაა საქართველოში.

,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშლიძე report.ge-თან ამბობს, რომ სიტუაცია შეიძლება მცირედით გაუმჯობესდეს, მაგრამ პრობლემა მინიმუმ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მოგვარდება. შეშელიძის თქმით, შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ჯერჯერობით უიმედოა. 

,,ქვეყანაში სანამ ეკონომიკური ზრდა არ დაიწყება, სიტუაციის გამოსწორებას არ ველი. შეზღუდვების მოხსნა არ არის საკმარისი, როცა ვხედავთ, რომ კომპანიები გაკოტრდნენ და ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო სამსახურში დაბრუნებას ან თუ შეძლო, ხელფასი შეუმცირდა. ამ სიტუაციას უშველის მხოლოდ ეკონომიკის ამუშავება, ეკონომიკური რეფორმა და პანდემიური მდგომარეობის დაძლევა. სხვა გამოსავალი ჯერჯერობით აარ ჩანს და ოპტიმიზმის მცირე ნაპერწკალიც იგრძნობა. მთავარია, ეკონომიკა არეალური სექტორისკენ შემობრუნდეს, რისთვისაც მრეწველობის ახალ დარგებსა და სოფლის მეურნეობაში არსებული პოტენციალია ასათვისებელი. სხვა შემთხვევაში სამუშაო ადგილების შემცირების ტენდენციას ვერ შევაჩერებთ ", - ამბობს პაატა შეშელიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების კლებასა და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 296 ადამიანით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system