თავში

უნდა გაარძელოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები

უნდა გაარძელოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები
უნდა გაარძელოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონების მეშვეობით უნდა გააგრძელოს უცხოური ვალუტის მიწოდება და შეავსოს ვალუტის ის დანაკლისი, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო წარმოიქმნა," -  ასე ფიქრობენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში და იქვე განმარტავენ, რომ ლარის კურსი მხოლოდ ცენტრალური ბანკის ინტერვენციების ამარა არ უნდა დარჩეს და აუცილებელია შემუშავდეს დამატებითი მიდგომები შიდასავალუტო ბაზარზე წონასწორობის აღსადგენად.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები. მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება. დღეს COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე პანდემიისა და, შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის გამო, ლარი, სამწუხაროდ, სავალუტო ინტერვენციების ამარა რჩება,"- განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში.

საქართველოს ბიზნესასოციაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ეკონომიკას გაუფასურებული კურსის შედეგად ჯერ-ჯერობით იმპორტის ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

"ჩვენთვის, ბუნებრივია, კარგად არის ცნობილი ის ფაქტიც, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა, მათ შორის ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, გართულებული ეპიდსიტუაცია, არჩევნების შემდგომ განვითარებული პოლიტიკური ვნებათაღელვა და შესაბამისად ნეგატიური მოლოდინები და სხვა, თუმცაღა, ვფიქრობთ, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება საგანგაშოა დ ასაჭიროებს დროულ ჩარევას. ლარის გაცვლითი კურსი, უკანასკნელი წლების განმავლობაში გახდა ჩვენი ქვეყნის ბიზნესის და, შესაბამისად, ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი და ლარის ყოველი მომდევნო გაუფასურება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს და ეკონომიკას, მის როგორც რეალურ, ასევე ფინანსურ სექტორს," - აცხადებენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში.

მათივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების ძალისხმევით უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის პროგრამებისა და დახმარებების გაწევა და ფინანსური რესურსების მიწოდება, რასაც, თავის მხრივ, ჰქონდა და აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ეკონომიკაზე. 

როგორც ბიზნესგაერთიანებაში აცხადებენ, ყველა ამ ტიპის დახმარება ხორციელდება ლარებში უცხოეთიდან მიღებული სავალუტო სახსრების კონვერსიის გზით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს უცხოეთიდან მოზიდული სავალუტო რესურსების ბაზარზე მიწოდება მიმოქცევის არხებში გაზრდილი ფულადი მასის სტერილიზაციის მიზნით.

ბიზნესასოციაცია დარწმნულებულია, რომ ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს, 2019 წლის მსგავსად, ეროვნული ბანკის მიერ დაფინანსებული ლარის სესხების ზრდაც ასრულებს და ამ საკმაოდ რთულ პერიოდში სავალუტო ბაზარზე ზეწოლის შესამცირებლად.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 720 მილიონს გაუტოლდა.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ლარი ორი დღეა მკვეთრად უფასურდება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4000 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.0137 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის (12:00 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3550 ლარად ივაჭრება.

გაუფასურების პიკის შემდეგ, ექსპერტები ამ დღეებში ლარის გამყარებას პროგნოზირებენ.

შეგახსენებთ, მთავრობას ლარის კურსისადმი მეტ ყურადღებას სთხოვენ.

ხელისუფლება კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს და ლარის დაცემას პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რატომ არ ენდობიან ლარს, ან,  როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system