თავში

UNDP-ის ფარგლებში საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა

UNDP-ის ფარგლებში საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა
UNDP-ის ფარგლებში საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიმდინარე საქმიანობას გადახედეს და პროექტების განხორციელება პანდემიის დროს წარმოქმნილ საჭიროებებს მოარგეს. სოფლად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა მიზნით, მათ ერთობლივი საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყეს, რომლის საერთო ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია.

ამ პროგრამით უკვე ისარგებლა კომპანია „ბიორასმა“. 

ამის შესახებ report.ge-ს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს

კომპანია „ბიორასი“ თანამოაზრეებმა წლების წინ დააფუძნეს და მას შემდეგ უამრავი აგროპროექტი განახორციელეს. 2018 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გუნდმა 22 ჰა მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იმავე წელს 12 ჰა ფართობზე კაკლის ბაღი გააშენა. 2019 წლიდან კი, მაკდონალდსის რესტორანთა ქსელის დაკვეთით, კომპანიამ 5 ჰა მიწის ნაკვეთზე აისბერგის სახეობის სალათის კულტივაცია დაიწყო.

„ბიორასის“ წარმომადგენლებს წარმოების ეფექტური განვითარებისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაეჭრათ – ელექტროენერგიის მიწოდება. მართალია, ნაკვეთის მახლობლად ელექტროგადამცემი ხაზი არსებობდა, თუმცა იგი საკმაოდ მოძველებული იყო და მისი აღდგენა დაახლოებით 100,000 ლარის ინვესტიციას საჭიროებდა. გარდა ფინანსური დაბრკოლებისა, საჭირო ხდებოდა ტყის ზოლის გაჭრაც, რაც ბუნებრივ ლანდშაფტს დააზიანებდა. ამასთან, კაკლის ბაღში ელექტროენერგიის საჭიროება კომპანიას დიზელის საწვავზე მომუშავე ელექტრო გენერატორის გამოყენებისკენაც უბიძგებდა, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებს და გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა. ამიტომ კომპანიამ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნა გადაწყვიტა.

„ვიცოდით, რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს გარეშე ჩვენი საწარმოს განვითარება შეუძლებელი იყო. 2019 წელს შევიძინეთ მცირე სიმძლავრის მზის პანელი, ასევე რამდენიმე ჰელიო სანათი. გადავწყვიტეთ დავკვირვებოდით მიმდინარე პროცესს. მიღებული შედეგების ანალიზითა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დავასკვენით, რომ 10კვტ/სთ მზის პანელების სიმძლავრე და 40 კვტ აკუმულაცია სრულიად დააკმაყოფილებდა საწარმოს მოთხოვნებს. შემდეგი ნაბიჯი კი ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამაში ჩართვა იყო“, – გვიყვება გიორგი ფხაკაძე.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა. ახალი ენერგიის წყაროს დახმარებით, „ბიორასი“ წარმოების ხარჯებს წლიურად 6,000 ლარამდე შეამცირებს. დანაზოგით კი კომპანია თანამშრომელთა შრომის პირობების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განვითარების პარალელურად, გუნდმა გარემოზე ზემოქმედების შემცირებაც შეძლო.

„მზის პანელების დანერგვით, განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადავალთ, ხოლო დიზელის საწვავს, რომელიც წელიწადში 2 ტონამდე გვჭირდებოდა, საერთოდ აღარ გამოვიყენებთ. ასევე უარი ვთქვით გადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რის შედეგადაც ტყის მასივის 1.5 კმ-იანი ზოლი გადავარჩინეთ“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

„ბიორასისთვის“ აღნიშნული გრანტის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის ფონზე განვითარებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ენერგოეფექტური წარმოების დანერგვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათი ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვის.

„ჩვენთვის ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის პირობებში. ასეთ დროს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება იოლი საქმე არაა. მაგრამ დახმარების მიღების შედეგად, ჩვენი რეალობა შეიცვალა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით. ეს ცვლილება მეტი ადამიანის დასაქმებას გამოიწვევს, რაც ბევრი ოჯახისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი გახდება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

პანდემიური კრიზისის საპასუხოდ, ევროკავშირი და გაერო საქართველოს სოფლად ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან. ევროკავშირმა პანდემიის დაწყებიდან ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება მოახდინა, რათა ქვეყანას არსებული კრიზისი ეფექტიანად დაეძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული 347 განაცხადიდან 31 დამტკიცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system