თავში

ურბანისტები მიწისქვეშა თბილისის პრობლემებზე

ურბანისტები მიწისქვეშა თბილისის პრობლემებზე
ურბანისტები მიწისქვეშა თბილისის პრობლემებზე

თბილისის განაშენიანების დონეს ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ვერ ეწევა. როგორც ურბანისტები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში ქაოსურმა ურბანულმა განაშენიანაებამ არაერთში პრობლემა შექმნა, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ, რომელიც ბოლო დროს იმდენად მოიშალა, რომ ზოგიერთ უბანში გადაუდებელი რეაბილიტაცია დასჭირდა. პრობლემა მასიურად შეხო როგორც ქალაქის გამტარუნარიანობას, განაშენიანებას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებს და წყალმომარაგებას. სპეციალისტების განცხადებით, დედაქალაქის კომუნიკაციები მოსახლეობის ამ რაოდენობაზე (1,2 მლნ ადამიანი) არ არის გათვლილი. 

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა და რა არის საჭირო თბილისის ნორმალური განვითარებისთვის, პასუხს იძლევა ,,თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა", ძირითადად მესამე მუხლი, რომელშიც ,,კომპაქტური ქალაქის" კონცეფციაა მოცემული. 

როგორც თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს" თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, გენგეგმაში საფუძვლიანად არის ასახული საინჟინრო ქსელების ინფრასტრუქტურა, რაც არსებულ მონაცემს, სოციალურ კვლევებსა და  დემოგრაფიულ მაჩვენებლებს ემყარება.

,,მუდმივად არის პრობლემა წყლის, გაზის და კანალიზაციის მილების გაუმართაობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარეგანვითარებისთვის შიდა განვითარებას გენგეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ქსელების რეკონსტრუქცია, რაც კომპანიებმა რიგითობის პრინციპით უნდა მოახდინონ და ქალაქის მთელი არეალი მოიცვან", - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის თქმით, დედაქალაქში მხოლოდ მშენებლობის ტემპმა იმატა და წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ქსელების განვითარებისათვის. დიდი დატვირთვის გამო კი ხარვეზმა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოშლა გამოიწვია.

,,ნამდვილად ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან არ გვაქვს თანაფარდობა განაშენიანებასა და ინფრასტრუქტურის ნაწილებს შორის. აქ იგულისხმება გაზმომარაგება, ელექტროქსელები, რაც შედარებითი ადვილია. უფრო რთულია წყალმომარაგება და კანალიზაცია. თბილისში, ბოლო დროინდელი საბჭოთა გენგეგმით, რომელიც დამტკიცდა 1970-იან წლებში, მოსახლეობა უნდა ყოფილიყო 1 მლნ 250 ათასი. მიზანი იყო ასეთი და ასე უნდა განვითარებულიყო ქსელებიც. ჩვენ მოვუმატეთ მშენებლობას და არაფერი გაგვიკეთებია, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებისათვის”, - ამბობს ვარდოსანიძე და დასძენს, რომ საჭიროა ოპერატიულად გადალაგდეს სისტემა და განვითარდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რათა მომავალში მათი გამტარუნარიანობა გაიზარდოს.

სტატისტიკური მონაცემით, საქართველოში სულ 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა დედაქალაქ თბილისშია – 1 108 717. თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემია, რადგან როგორც სპეციალსიეტბი აღნიშნავენ, თბილისში გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system