თავში

უშგული, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ

უშგული, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ
უშგული, შესაძლოა,  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ

ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უშგული მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაჟაში უკანონო მშენებლობების გამო შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას.

„ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემუშავებული პროექტის დარღვევით. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის დუღაბი, გადახურვებში რუბეროიდის ფენილი, გადახურვის გადაკერებული ძელები და ა.შ.). რიგ შემთხვევებში, იკვეთება შემსრულებელთა მხრიდან შესაბამისი უნარჩვევების არ ქონა (ფიქალის გადახურვის მოწყობა და აშ.). სახეზეა საავტორო ზედამხედველობის არარსებობის და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტრადიციულ სამშენებლო მასალასთან წვდომის საკითხი დასმულია მთავრობის წინაშე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან და ჯერაც არ არის გადაწყვეტილი; საგანგაშოა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელების, თუ რიგ შემთხვევებში, ასეთ სამუშაოებზე ნებართვის გაცემაზე დაჟინებული მოთხოვნის ფაქტების სიმრავლე, ვინაიდან ეს ნათლად აჩვენებს მათ გაუთვითცნობიერებულობას, როგორც ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ღირებულებების, ისე ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის დაკარგვის რისკებთან დაკავშირებით. უშგულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო შექმნილი ვითარება სიღრმისეულად უკავშირდება ძეგლის მართვის სისტემის პრობლემებს. ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სექტორის წინაშე და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მეკვიდერობის სააგენტოში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დროს გამოვლენილ ხარვეზებს აღმოფხვრიან, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, სავალალო შედეგი უკანონო მიშენებებმა გამოიწვიოს.

„რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ. ორად უნდა გავყოთ ეს განცხადება. ერთი, სადაც წერია, რომ რეაბილიტაციისას ხარვეზებია, რაზეც კომპანიას უკვე მიეცა მითითება, რომ გამოასწოროს ეს ხარვეზები. მაგრამ მთავრი აქცენტი არის უკანონო მშენებლობა. იმ სახლების გამო, რომლებსაც ადგილორბივები აშენებდნენ, შეიძლება შეექმნას საფრთხე“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის გაზაფხულზე იუნესკოს ექსპერტებს ელოდებიან. ისინი ადგილზე შეაფასებენ ვითარებას და პრობლემის გამოსასწორებლად რეკომენდაციებსაც გასცემენ.

ICOMOS საქართველო არის არასამთავრობო, არამომგებიანი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1993 წელს, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტი. ICOMOS საქართველო აერთიანებს 22 ინდივიდუალურ და 1 ინსტიტუციურ წევრს და თანამშრომლობს ფართო მრვალდისციპლინარულ პროფესიულ, აკადემიურ წრეებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system