
მაისში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად - 95%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 36,358 შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ვიზიტებიდან ტურისტული ხასიათის ვიზიტების რაოდენობა 26,503 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 93.8%-ით ნაკლებია.
გასულ თვეში ყველაზე მეტი,15,863 ვიზიტორი, საქართველოს მეზობელი თურქეთიდან ესტუმრა.
10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა ასე გამოიყურება:
1 თურქეთი - 15 863 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -77,8% ;
2 სომხეთი - 7 803 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,1% ;
3 რუსეთი - 3 777 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,8% ;
4 აზერბაიჯანი - 3 276 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,9% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 1 956 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,1% ;
6 უკრაინა - 1 003 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,1% ;
7 ბელარუსი - 743 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -81,9% ;
8 ყაზახეთი - 374 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,9% ;
9 უზბეკეთი - 320 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,4% ;
10 ბულგარეთი - 207 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -77,3% ;
ცნობისთვის, მაისში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოვიდა. საჰაერო გზით ქვეყანაში მხოლოდ 1,313 ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 99.3%-ით ნაკლებია.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავლის სახით მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 97%-ით არის შემცირებული.
შარშან საქართველომ რეკორდული რაოდენობის - 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტს უმასპინძლა. ტურისტული სექტორის შემოსავალი კი, $3.3 მილიარდი დოლარი იყო.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო საერთაშორისო ტურიზმს 1 ივლისიდან აღარ გახსნის, რეგულარული საჰაერო ფრენები ივლისის ბოლომდე გადავადდა.
უცხოელი ტურისტების ნაკადს ქვეყანა უკვე აგვისტოდან ელის.
ადგილობრივი ტურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან გახსნილია.
ბელა გელაშვილი
ავტორი