თავში

უცხოურ სათამაშო ვებვერდებზე თანხის გადარიცხვა აიკრძალება - ფინანსთა მინისტრი

უცხოურ სათამაშო ვებვერდებზე თანხის გადარიცხვა აიკრძალება - ფინანსთ
უცხოურ სათამაშო  ვებვერდებზე თანხის გადარიცხვა აიკრძალება - ფინანსთა მინისტრი

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა წარადგინა.  მისი თქმით, მკაცრდება კონტროლი უცხოურ სათამაშო ვებვერდებზე და საქართველოში რეგისტრირებულ საგადასახდო ბარათების პროვაიდერებს, ეკრძალებათ თანხების გადარიცხვა იმ ანგარიშებზე, რომლებიც ასოცირებულია უცხოური აზარტული თამაშების სისტემებთან. 

"საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება არ დაუშვან მათ მიერ გამოშვებული საგადასახდო ბარათებით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი ფირმის სასარგებლოდ განხორციელდეს გადახდების განხორციელება, რაც ასევე არის შეზღუდვის მექანიზმი, რათა ეფექტიანად მოხდეს ამის განხორციელება", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ასევე იკრძალება თანხის ერთი პირიდან მეორე პირზე გადარიცხვის შესაძლებლობაც. 

ლაშა ხუციშვილის თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებულია სრულიად ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. კერძოდ განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად დაიბეგრება ე.წ. ჯიჯიარი, 10%-იანი მოგების გადასახადი. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისა 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. რეალურად 65-70%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის.

რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი. ეს გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ფიზიკურ კაზინოებზე.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თამაშის უფლება შეეზღუდება მოქალაქეების გარკვეულ წრეს.

"განისაზღვრება პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. ამის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური. კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. ასევე, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მომართვის შემთხვევაში, შავ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები", - განაცხადა ფინანსთა მინსიტრმა. ლაშა ხუციშვილის თქმით, დაახლოებით ერთ მილიონ მოქალაქეს სათამაშო ბიზნესთან წვდომა შეეზღუდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system