თავში

უზურველყოფს თუ არა ნამახვანჰესი უკეთეს ტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

უზურველყოფს თუ არა ნამახვანჰესი უკეთეს ტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას
უზურველყოფს თუ არა ნამახვანჰესი უკეთეს ტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესახებ ანალიზსს ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას

ორგანიზაციის განმარტებით, ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება, თუმცა პრობლემა ისაა, რომ EMC-ის მტკიცებით, სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი - აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს. აქვე განმარტებულია რატომ არის ეს პრობლემა:

"15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან," - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

შეგახსენებთ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, პარლამენტში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ. საქმე ისაა, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, რიონის ხეობის დატბორვა იგეგმება, რაც დაუშვებელია და ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მათ სოლიდფარობას უცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰესების მშენებლობის პოლიტიკას. სააკაშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ენერგოდამოუკიდებლობისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა ჰესების აქტიურ მშენებლობას, უშუალოდ ნამახვანიჰესზე კი ამბობდა, რომ მისი მშენებლკობის დაწყება ეროვნული სიამაყეა. ახლა კი სააკაშვილმა პოზოცია შეიცვალა და ამბობს, რომ, ბუნების გადარჩენა ბევრად აუცილებელია, ვიდრე ენერგოწარმოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა.

ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს, მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი კი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system