თავში

ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება
ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

თბილისის მერიის პოზიცია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა. მისი თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

„დაახლოებით, ორი წლის წინ დადგა საკითხი, ვაკის პარკში ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მაშინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მერიის პოზიცია მაშინაც და დღესაც იყო და არის, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია. ვიცით, რომ 2013 წელს, იმდროინდელმა მენეჯმენტმა გასცა აქ მშენებლობის ნებართვა. იმის შემდეგ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებაც. დღეს მერიას აქვს საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომ არ დავუშვათ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. საქმე ეხება საკმაოდ ძვირადღირებული აქტივის გამოსყიდვას, 2013 წლიდან დღემდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, მერიას გაუჭირდა აქტივების მობილიზება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის მიზნით, მერიამ მესაკუთრეს შესთავაზა გარკვეული მიწის ნაკვეთები, რაზეც თანხმობა ვერ მიიღო.

„მონაცვლეობის პრინციპია, რომ ქონების მონაცვლეობა მოხდეს ღირებულებიდან გამომდინარე ანუ იმ ღირებულების ქონება შევთავაზოთ სხვა ტერიტორიაზე. შეიძლება ეს არ ყოფილიყო ცენტრალური უბნები, ყოფილიყო გარეუბნები, რადგან მუნიციპალიტეტს ცენტრალურ უბნებში 20-მილიონიანი ქონება არ აქვს საკუთრებაში, თუმცა არ მოხდა შეთანხმება ამ დრომდე. მიმაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ამ დრომდე არ არის შეთანხმება მიღწეული, განპირობებულია იმით, რომ კომპანიას მაინც აქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, მაინც მოახერხებს ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას. აქვე ვაცხადებ, მათ შორის, მათ გასაგონად, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აღდგენა ერთი წლის წინ შესთავაზასასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად. ზაქაიძემ პირობაც დადო რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ინვესტორმა შეთავაზებაზე თბილისის მერის უარი მიიღო. 

მერიასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები 2 წელია მიდის. მერიამ ინვესტორს არაერთი ფართ შესთავაზა ადგილმონაცვლეობისთვის, თუმცა ინვესტორმა ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

2013 წელს, სპეციალური დადგენილებით, მაშინდელი თბილისის მერის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. 

ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო, რის გამოც პარკი სრულად ჩაიკეტება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system