თავში

"ვალდებული ვართ დავიცვათ ბალანსი ეკონომიკისა და მოსახლეობის ინტერესებს შორის"

"ვალდებული ვართ დავიცვათ ბალანსი
ვალდებული ვართ დავიცვათ ბალანსი ეკონომიკისა და მოსახლეობის ინტერესებს შორის

"არც ერთი ბიზნესისთვის არ არის სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად ითვალისწინებს წარმოქნილ სირთულეებს და დასახმარებლად მათ საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, შემუშავებული მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ღირებულება მილიარდ ას მილიონ ლარს აღემატება და სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.

„სარესტორნო სექტორის თანამშრომლებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება გაიცემა დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისად. ასევე გათვალისწინებულია დახმარებები, როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება, აღნიშნული ეკონომიკური კრიზისი შეეხოს. კერძოდ, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ან შემოსავალი შეუმცირდებათ. ჩვენი აზრით, საკომპენსაციო ღონისძიებები ამ ადამიანებს ყოფას ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს “, – განაცხადამაიაცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, უშუალოდ ბიზნესზე ორიენტირებული პაკეტი მიმართულია ტურისტული და სარესტორნო სფეროსთვის და ისინი წლევანდელის მსგავსად, 2021 წელსაც გათავისუფლდებიან ქონების გადასახადებისგან.

„ასევე ჩვენ ჩამოვწერთ 4 თვის განმავლობაში გადავადებულ საშემოსავლო გადასახადს და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ, 6 თვის განმავლობაში აღნიშნულ ბიზნესებს შევთავაზებთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას”,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული შეზღუდული რესურსის პირობებში, მთავრობა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დასახმარებლად ყველა შესაძლებობას გამოიყენებს და ამასთან ერთად, ბანკებთან თანამშრომლობს ინდივიდუალურ რეჟიმში მათი სესხების რესტრუქტურიზაციაზე.

„ეს არის რთული ბალანსი , რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ ეკონომიკის ინტერესებს, მოსახლეობის ინტერესებს და ვირუსის გავრცელების მართვას შორის“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system