თავში

ვალისა და დეფიციტის შემცირების რა გეგმა აქვს მთავრობას

ვალისა და დეფიციტის შემცირების რა გეგმა აქვს მთავრობას
ვალისა და დეფიციტის შემცირების რა გეგმა აქვს მთავრობას

"ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მკაცრი გეგმა იმისათვის, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ იმ მაჩვენებელზე, რომელიც ურისკო იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის," - ასე ფიქრობს ფინანსთა მინისტრის მოადგილმ გიორგი კაკაურიძე.

მისი განცხადებით, მთავრობის ვალის ნაწილში ქვეყანა თითქმის მიუახლოვდა 60-პროცენტიან ზღვარს და მომდევნო წელს შეადგენს 60.1 პროცენტს. კაკაურიძე განმარტავს, რომ ვალი მომავალ წლებში 57 პროცენტამდე, ანუ 60-პროცენტიანი ზღვარის დაბლა ჩამოდის, თუმცა ეს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. კაკაურიძე ამბობს, რომ მუდმივად ამ დონეზე ვალის ყოფნა, რა თქმა უნდა, მომავალში რისკებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„მიუხედევად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გაიზარდა ვალი და ეს იყო უფრო დიდი მოცულობის, ვიდრე თუნდაც 2008 -2009 წლების კრიზისის პერიოდში, ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მაინც არ არის სასურველი. ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალი შევამციროთ. ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოთხწლიანი გეგმა, სადაც ასახულია როგორც დეფიციტის, ისე ვალის შემცირების მაჩვენებელიც. კანონის მოთხოვნით და ვალი 57 პროცენტამდე, ანუ 60-პროცენტიანი ზღვარის დაბლა ჩამოდის, თუმცა ეს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ამ დონეზე ვალის ყოფნა, რა თქმა უნდა, მომავალში რისკებს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

მისივე მტკიცებით, დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ინვესტიციები მიიმართოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კაკურიძე მიიჩნევს, რომ კაპიტალური პროექტების ხარჯზე დეფიციტის შემცირება გრძელვადიან პერიოდში, არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, ამიტომაც, მისი განცხადებით, საჭიროა იმ რესურსების გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში.

„პირველ რიგში, ეს არის სახელწიფო საწარმოების ნაწილი, რომელთაც აქვთ იმის პოტენციალი რომ ეკონომიკურ ზრდაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ, ჰქონდეთ მეტი მოგება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევაში დაგვეხმარონ. მეორე მიმართულებაა დამატებითი შემოსავლების მობილიზება. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პირდაპირ რომელიმე გადასახადის გაზრდას, არამედ ესაა ადმინისტრირების ნაწილში გაუმჯობესება, იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად გამოვიყვანოთ ჩრდილიდან და დაწესებული გადასახადი სამართლიანად გადაიხადოს ყველამ. გარდა ამისა, თითქმის ყველა მიმართულებით დაწესებული გვაქვს შეღავათები, უნდა შევთანხმდეთ, ემსახურება თუ არა ეს შეღავათები მთავარ მიზანს - მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ან კონკრეტული სექტორის განვითარებას ან აქვს თუ არა მას სოციალური ფაქტორი. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება ეს შეღავათები, სამომავლოდ მათი ეტაპობრივად გადახედვა მოგვიწევს. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შევამციროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, სამწუხაროდ, ხდება ეკონომიკური შოკები და მათზე საპასუხოდ აუცილებლად გვჭირდება რეზერვი. ამისთვის კი საჭიროა რეფორმების განხორციელება და ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 19.7 მლრდ აშშ დოლარია. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია.

ეროვნული ბანკის (სებ) განმარტებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 83.3 მლნ აშშ დოლარით, 48.9 მლნ აშშ დოლარით და 65.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სებ-ის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მლრდ აშშ დოლარი (29.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 54.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.8 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 41.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 457.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 904.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (15.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 71.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.1 მლრდ აშშ დოლარია (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.4 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system