თავში

ვალუტის კურსი და ჩაკეტილი საზღვრები - რა აწუხებს ბიზნესს

ვალუტის კურსი და ჩაკეტილი საზღვრები - რა აწუხებს ბიზნესს
ვალუტის კურსი და ჩაკეტილი საზღვრები - რა აწუხებს ბიზნესს

მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა ყველა სექტორისთვის. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული კომაპანიების 68%-ში უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება 2020 წლის მაისის შემდგომ. ეს ციფრი მცირედით შეიცვალა აპრილის კვლევის 65% მაჩვენებელთან შედარებით. 

ამის შესახებ აღნიშნულია "PwC საქართველოს" კორონავირუსით გამოწვეული ბიზნესის ზარალის განახლებულ კვლევაში. შედეგები საქართველოს კერძო სექტორის მოლოდინებს ასახავს. საქართველოში მომუშავე 774-მა ბიზნესის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზღვრების ჩაკეტვამ რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დააზარალა სასტუმროები და კვების ობიექტები, რომელთა 84%-ს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავლები. 

აპრილის კვლევასთან შედარებით პოზიტიურია რესპონდენტების მოლოდინები და თუ წინა კვლევის დროს კომპანიების ნახევარი მომავალი სამი თვის განმავლობაში პროგნოზირებდა შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას (წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით), ამ ეტაპზე აღნიშნული მოლოდინი კომპანიების მხოლოდ მეხუთედს აქვს. აპრილთან შედარებით, გამოკითხულთა თითქმის თანაბარი ოდენობა (დაახლოებით 66%) სასტუმრო და კვების სექტორში მაინც მოელის შემოსავლების 50%-ზე მეტ შემცირებას.

თვალსაჩინოა სხვა გამოწვევებიც. COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეების თვალსაზრისით, გამოიკვეთა შემდეგი ტიპის საკითხები: 

1) ჩაკეტილ საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა ყველა კომპანიისთვის, განსაკუთრებით თვითდასაქმებული რესპონდენტებისთვის (საკითხი პრობლემურია გამოკითხულთა 39%-ისთვის, აპრილის 28%-თან შედარებით); 

2) თვითდასაქმებული და მიკრო საწარმოების დაგვიანებული გადახდები კლიენტებისგან (მიაღწია 22% და 33%-ს, აპრილის 15% და 24%-თან შედარებით); 

3) ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული სირთულეები ძირითადად მიკრო და მცირე ზომის კომპანიებზე აისახება (გაიზარდა 49% და 56%-მდე, აპრილის 39% და 49%-თან შედარებით).

მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები თითქოს ნაკლებად პრობლემური გახდა ყველა კომპანიისთვის, რადგან გამოკითხულმა კომპანიებმა დაიწყეს ახალ რეალობასთან მორგება. რესპონდენტების მიერ დაფიქსირებულ პასუხებს შორის შემცირდა კომპანიების ოდენობა, რომელმაც მიწოდების ჯაჭვის სირთულეები დაასახელა, როგორც COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 33%-დან 13%-მდე. თუმცა, როდესაც კომპანიებს დაუსვეს კითხვა თუ ამჟამად რამდენად განიცდიან მიწოდებასთან დაკავშირებულ შეფერხებებს, გამოკითხულთა თითქმის 80%-ის პასუხი დადებითია. ტრანსპორტირების გაზრდილი ფასი დასახელებულია მიწოდების ჯაჭვის შეფერხების მთავარ პრობლემად, რასაც მოჰყვება ქვეყნებს შორის ტრანსპორტირების შემცირება და მომწოდებლების ან მომხმარებლების მიერ საქმიანობის შეწყვეტა.

ცნობისთვის, პანდემიის გამო ბიზნესის ნახევარზე მეტს შემოსავლები მინიმუმ გაუნახევრდა. გამოკითხული ბიზნესების 75%-მა შემცირებული შემოსავლების ფონზე, საგადასახადო თუ საბანკო ვალდებულებები ნაწილობრივ თუ სრულად გადაავადა.კომპანიებში შემცირებულია თანამშრომელთა გათავისუფლების ტენდენცია. კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესი კოვიდ-კრიზისიდან ნელ-ნელა გამოდის და კომპანიებმა ლიკვიდობის პრობლემა დაძლიეს. 

შეგახსენებთ, კვლევა ინვესტორთა საბჭოს ეგიდით ჩატარდა და ის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის განახლებას წარმოადგენს. კერძო სექტორის კვლევა ჩატარდა 11 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში ონლაინ გამოკითხვის გზით და მასში მონაწილეობა 774-მა ბიზნესმა მიიღო.PWC-ის თანახმად, გამოკითხული საწარმოების 42% - მიკრო ბიზნესი, 26% - მცირე ბიზნესი; 11% - საშუალო ზომის ბიზნესი; 5% - მსხვილი ბიზნესი 17% კი თვითდასაქმებული ინდ.მეწარმე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system