თავში

ვაშლის წარმოების ტემპი მატულობს

ვაშლის წარმოების ტემპი მატულობს
ვაშლის წარმოების ტემპი მატულობს

შიდა ქართლში ვაშლის მოსავლის აღების სეზონი აქტიურ ფაზაშია. ფერმერები ცდილობენ, რომ წარმოების ზრდით იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა შექმნან. დროსა და რესურსთან ერთად, მიზნის მიღწევა ტექნოლოგიურ განვითარებას საჭიროებს. პირველ რიგში, შემნახველი მეურნეობების შექმნას, რა მიმართულებითაც ბოლო პერიოდში მუშაობა გააქტიურებულია. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა, როგორც გორელი ფერმერი, ,,ტირიფონის ბაღების" ხელმძღვანელი ზურაბ გოჯიაშვილი ამბობს, უწყვეტი მიწოდების პრობლემაა, რის მოგვარებასაც იგი უახლოეს წლებში ვარაუდობს.

ზურაბ გოჯიაშვილი შიდა ქართლში ხეხილის სამ ბაღს ფლობს: ,,ტირიფონის ბაღები, კვარხეთი აგრო" და ,,აგრო გორი", საიდანაც წელს ჯამურად დაახლოებით 1000 ტონა ვაშლის მოსავალია. ფერმერი ვარაუდობს, რომ 2023 წლისთვის წარმოება გაორმაგდება და 2000 ტონას მიაღწევს.

,,ადგილობრივ ბაზარზე ვაშლს 2018 წლიდან ვყიდით. ჯერჯერობით ექსპორტზე არ გაგვაქვს, თუმცა გარკვეული შესაძლებლობა გაჩნდა და სამომავლოდ ამ მიმართულებითაც შესაბამის ზომებს მივირებთ. ვფიქრობთ პროდუქტის გატანას როგორც ტრადიციულ, ასევე არატრდადიციულ ბაზრებზე, მათ შორის, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. დიდი პოტენციალის მიუხედავად, ბაზარზე ვაშლის იმპორტი მაღალ მაჩვენებელზეა და გვინდა, რომ ეს ნიშა თანდათან ავითვისოთ. შეიძლება, მოსავლის რაოდენობა თვითუზრუნველყოფისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ შენახვა ჭირს ხოლმე, რის გამოც უწყვეტი მიწოდების პრობლემაა. ამ ეტაპზე 1000 ტონიან სამაცივრე-შემნახველ საწყობს ვაშენებთ. როცა პროდუქტის შენახვა შეგვეძლება, რეალიზაციაც უფრო პროგნოზირებადი გახდება. ბაზარს ვაშლს ერთბაშად კი არ მივაწვდით, როგორც ახლა ხდება, არამედ ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა სეზონის განმავლობაში", - ამბობს ფერმერი report.ge-თან და დასძენს, რომ ვაშლის წარმოებაში დიდი დახმარება გაუწია სოფლის მეურნეობის პროექტებში ჩართვამ, რის გარეშეც წარმოების ზრდა რეალურად შეუძლებელი იქნებოდა.

,,მთავრობის მხრიდან სუბსიდია და ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ამას ვერ გავაკეთებდით. რა თქმა უნდა, სტიმული მოგვცა რწმენამაც, რომ ინვესტირებული ქონება ხელშეუხებელი იქნებოდა. ეს იყო ერთგვარი გარანტია ხელისუფლების მხრიდან, რის გარეშეც ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებდით. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია, რომ ვფლობთ ძალიან თანამედროვე ხეხილის ბაღებს, რომლის უმაღლესი ხარისხის გამოსავლიანობა 85% და მეტია. ცხადია, რეგიონში ჩემი კოლეგები სუბსტანდარტული პროდუქტის სუბსიდიითაც სარგებლობენ. რეალიზაციის პრობლემა ფაქტობრივად არ არის, რაც ფერმერისთვის სტიმულია", - ამბობს ზურა გოჯიაშვილი.

ფერმერის ინფორმაციით, „ტირიფონის ბაღები" გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში 31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 7 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 5 მილიონ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანიაში მუდმივად 20-მდე თანამშრომელი, სეზონურად კი 50-მდე დასაქმებულია.

2019 წელს, კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების პროგრამის დახმარებით, დაიწყო 1000 ტონაზე გათვლილი თანამედროვე სამაცივრე საცავის მშენებლობა, რომლის საპროექტო ღირებულება 2,1 მილიონ ლარს შეადგენს და რომლის დასრულებაც სექტემბერში იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system