თავში

ვასო ურუშაძე: პარტიები "შავი ფულით" ფინანსდება

ვასო ურუშაძე: პარტიები "შავი ფულით" ფინანსდება
ვასო ურუშაძე: პარტიები შავი ფულით ფინანსდება

 „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ადგილი აქვს წინასაარჩევნოდ „შავი ფულის კარუსელს“, რასაც მათ მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.

როგორც ვასო ურუშაძე აღნიშნავს, სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის არმქონე პირები, უმეტესწილად, შემოწირულობებს სხვა პირების ნაცვლად, ან თავად პოლიტიკურ პარტიაში არსებული არალეგალური ფულის დეკლარირებისთვის აკეთებენ.

ურუშაძის თქმით, შემოწირულობების საკითხთან დაკავშირებით „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა სექტემბერში ერთი ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, სადაც გამოკვლეული იყო ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას და სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვის გზით. ახალ კვლევაში კი, ურუშაძის განმარტებით, გამოაშკარავებულია ის ფიზიკური პირები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ დიდი ოდენობით შემოწირულობებს, თუმცა არ არიან სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულები.

მისივე თქმით, 2020 წელს 12 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს მიღებული აქვთ 29 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა, საიდანაც 51 % მოდის სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ზე.

„კვლევის დროს გადამოწმდნენ ფიზიკური პირები, რომლებიც აკეთებენ შემოწირულობებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კვლევის ფარგლებში მოხდა იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული აქვთ 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოწირულობა და, ამავდროულად, არ ახორციელებენ სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას. პირების 56.5%, რომლებმაც განახორციელეს 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოწირულობა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველია. საინტერესოა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აღნიშნული მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, მაშინ როდესაც შემოწირულობების საერთო ოდენობით მეხუთე ადგილზე იმყოფება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილიც მოდის მსხვილ შემომწირველებზე,“- განმარტა ურუშაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს შემოწირულობებთან დაკავშირებით ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით. 

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system