თავში

ვაზილ ჰუდაკი პრემიერ ღარიბაშვილის საინვესტიციო მრჩეველი გახდა

ვაზილ ჰუდაკი პრემიერ ღარიბაშვილის საინვესტიციო მრჩეველი გახდა
ვაზილ ჰუდაკი პრემიერ ღარიბაშვილის საინვესტიციო მრჩეველი გახდა

ვაზილ ჰუდაკი პრემიერის საინვესტიციო მრჩეველი (FDI-მრჩეველი) გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პოსტზე ის დღეს წარადგინა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია. პრემიერის თქმით, ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს მთავრობას. მან უკვე გამართა შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჰუდაკი მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, იქამდე კი კერძო ბანკებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"ვაზილ ჰუდაკი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის; მას ურთიერთობა ექნება ევროკავშირთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებსა და ბანკებთან. ვაზილ ჰუდაკი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების - როგორც, ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჩართულობას," - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიოს მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციათა ოცეულშია.

საქართველოს მთავრობა, ინვესტორებთან პროაქტიულ რეჟიმში მუშაობს. მთავრობამ FDI-ის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა შარშან დაიწყო. საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობდნენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან მთავრობამ არაორდინალური მუშაობა დაგეგმა.

ფინანსისტების მოლოდინით, OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება.

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის. მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება.

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით. FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა. რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system