თავში

ვინ მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოში

ვინ მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოში
ვინ მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოში

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მეწარმეებს, რომლებიც ბიზნესის განვითარებაზე არიან ორიენტირებული და არა სახელმწიფომ, რომლის ერთადერთი მოვალეობა ამ მიმართულებით საინვისტიციო გარემოს შექმნა და გაუმჯობესებაა. ასე ფიქრობს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის აზრითაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნასთან დაკავშირებით მცდარია და ქვეყანას საინვესტიციო იმიჯის ჩამოყალიბებაში ვერ დაეხმარება.

,,საინვესტიციო მრჩეველი შეიძლება ჰყავდეს კომპანიას და არა მთავრობას, პირველად მესმის მსგავსი რამ და შედეგსაც სკეპტიკურად ვუყურებ. მთავრობის საქმე არ არის ინვესტიციები, მან უნდა შექმნას ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორისთვის მიმზიდველი იქნება და ის თვითონ მოგვძებნის შუამავლების გარეშე. საინვესტიციო კლიმატი უნდა შეიცვალოს, რომ ყველასთვის მომგებიანი იყოს. ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ყოვლად გაუგებარია. არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები, რითაც ინვესტორმა უნდა იხელმძღვანელოს. არსად მსგავსი არ ხდება. გამოდის, რომ მთავრობა თავის საქმეს არ აკეთებს ან როდისღა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები?!  ჩვენ ზუსტად ისე უნდა ვიმოქმედოთ  და გადმოვიღოთ ის მექანიზმი, რასაც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები აკეთებენ. ინვესტორს უნდა ეძებდეს მეწარმე, მან ყველაზე უკეთ იცის, როგორი ინვესტორი სჭირდება. ბიზნესს უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, რომ პაკეტური ინვესტიციები განახორციელოს. სახელმწიფო რომ ყიდის მიწებს და საწარმოებს, ეს არ არის ინვესტიცია, არამედ საკუთარი მიწის და რესურსის გაყიდვაა, რასაც არასდროს მოაქვს შედეგი", - აცხადებს სიმონიშვილი report.ge-თან.

საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით ნეგატიური მოსაზრებისაა ეკონომისტი ბადრი რამიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომლის თქმითაც, ინვესტიციების ეფექტი მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესებზე, რის დიდი გამოცდილებაც არსებობს საქართველოში. 

,,ინვესტორი თვითონ ეძებს ინფორმაციას და პროფესიულ დონეზე ამუშავებს. ღარიბაშვილის მიერ დანიშნულმა მრჩეველმა, ძნელია ვინმე დაარწმუნოს, რომ ფული ჩადოს საქართველოში, როცა ინვესტორები თვითონ სწავლობენ ბაზრებს. შესაბამისად, რა შედეგს უნდა ველოდო, ძნელად წარმომიდგენია, ინვესტიციებს რამე ეშველოს. საქარველოს ეკონომიკა გამოირჩევა იმით, რომ პირდაპირ მიბმულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. 2000-იან წლებში, 2005 წლიდან განსაკუთრებით, ინვესტიციების გააქტიურება და ეკონომიკური ზრდა გამოიწვია პოლიტიკური პროცესების გააქტიურებამ, განსაკუთრებით ბუშის ჩამოსვლამ და  საქართველოს, როგორც გლობალური პროექტის წარმოჩენამ, ამან იქონია მთავარი გავლენა. ჩემი აზრით, დიდი გარღვევა უნდა მოხდეს პოლიტიკაში, რომ მერე ამან ეკონომიკაზე იქონიოს დადებითი ეფექტი, სხვანაირად ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაგვიჭირდება", - აცხადებს report.ge-თან  ბადრი რამიშვილი.

ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრეჩეველი ჰყავს.

,,ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები," - ასე ახსნა დღეს პრემიერ-მინისტრმა საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნა.

ირაკლი ღარობაშვილის თქმით, სწორედ ინვესტიციების სტიმულირება იქნება საქართველოში ვაზილ ჰუდაკის, როგორ პრემიერის FDI-მრჩევლის , უპირველესი ამოცანა. ჰუდაკი ეკონომიკური პროფილის მინისტრებს უკვე შეხვდა.

"კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ რთულ ვითარებაშირაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მრჩევლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა და დასძინა, რომ ვაზილ ჰუდაკს კერძო ბანკებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system