თავში

ვის აზარალებს დემპინგი და რატომ ჭიანურდება კანონის ამოქმედება - Exclusive

ვის აზარალებს დემპინგი
ვის აზარალებს დემპინგი და რატომ ჭიანურდება კანონის ამოქმედება - Exclusive

ადგილობრივი წარმოება ბედს შეეგუა, რომ ანტიდემპინგური კანონი კიდევ დიდხანს არ დაიცავს. ამის შესახებ report.ge-ს ქართველ მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ განუცხადა. 

ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას ხელისუფლება ადგილობრივ მეწაარმებს 6 წელია უშედეგოდ ჰპირდება, კანონის ამოქმედება პარლამენტმა რამდენჯერმე გადაავადა. ამჯერად, გადავადების ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა. 

ლევან სილაგავა ამბობს, რომ დღეს დემპინგის პრობლემა ყველაზე მწვავედ უდგას ეკონომიკის ორ უმსხვილეს სეგმენტს, ცემენტის მწარმოებლებსა და მეტალურგიის ინდუსტრიას. დარგი ანტიდემპინგური კანონის მოლოდინში ძლივს ახერხებს იმპორტთან კონკურენციას და ყოველთვიურად სოლიდურ თანხასაც ზარალობს. 

"ბოლო 6 წელია სულ გვეუბნებიან, მალე ამოქმედდება ანტიდემპინგური კანონი, ცოტა ხანს გვაცადეთო. მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამჯერადაც არ იჩქარებდა და დროის მოგებას შეეცდებოდა, ნამდვილად იყო. თითქოს, ბედს შეეგუა ადგილობრივი მეწარმე. არადა, კანონი ყველა მხარესთანაა შეთანხმებული, ეს იქნება იმპორტი, ადგილობრივი წარმოება, თუ საერთაშორისო ექსპერტები. კანონპროექტი მაქსიმალურად დაბალანსებულია და გათვალისწინებულია, როგორც ადგილობბრივი ბიზნესის, ისე იმპორტიორის ინეტერესები. მუხლობრივად გავიარეთ ყველა საკითხი გასული წლის მაისში. ნების შემთხვევაში, კანონის მიღებას ხელს არაფერი შეუშლიდა. არ ვიცი, რატომ ჭიანურდება. როგორც ხელისუფლება გვიხსნის, მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებათ. ამბობენ, რომ ჩამოსაყალიბებელია კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურა, უნდა ჩატარდეს ტრენინგებიც. რას ვიზამთ? ფაქტის წინაშე ვართ და უნდა დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ამოქმედდება კანონი, რაც ადგილობრივ წარმოებას დაიცავს და ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას დაამკვიდრებს,"  -აცხადებს სილაგავა. 

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების გადავადება 2021 წლის ივნისამდე შესთავაზა.

"იქიდან გამომდინარე, რომ გადაიდო საპარლამენტი განხილვები, რეალურად არ იქნა გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში და კონკურენციის სააგენტოს არ გააჩნია ბიუჯეტი, რომ წელს დაიწყოს ამ კანონის აღსრულება. იცით, რომ გამოწვევად რჩება ახალი სამსახური, რომელიც დეპარტამენტის სახით უნდა შეიქმნას და განახორციელებს მოკვლევას და შესაბამისი დასკვნების დადებას. ამისთვის საჭიროა ახალი პერსონალის აყვანა, მათი დატრენინგება. ასევე, კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ გამოკვლევის და განცხადების წარდგენის წესი და პროცედურები გარდამავალ პერიოდს საჭიროებს. გვინდა, რომ წინადადებით შემოვიდეთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდიც, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ვერ მოხდება ამის მიღება, წლის ბოლოს გადაიწიოს, ანუ 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნას კანონქვემდებარე აქტები მიღებული. შემდეგ უკვე როდესაც ბიუჯეტი დამტკიცდება მოხდება ახალი პერსონალის აყვანა და დატრენინგება. ამიტომ გთავაზობთ 2021 წლის პირველი ივნისიდან განისაზღვროს კანონპროექტის ძალაში შესვლა”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.

„ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სსიპ - კონკურენციის სააგენტო იქნება. უწყებამ ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას.

ცნობისთვის, დემპინგი არის პროდუქტის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, შიდაბაზრის ფასებთან შედარებით, ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც კი. ბიზნესი მას, როგორც წესი, მიმართავს კონკურენტების განდევნის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system