თავში

ვის ეხსნება 112-ის სადგომზე მანქანის გადაყვანისა და დგომის საფასური

ვის ეხსნება 112-ის სადგომზე მანქანის გადაყვანისა და დგომის საფასური
ვის ეხსნება 112-ის სადგომზე მანქანის გადაყვანისა და დგომის საფასური

100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 112-ის სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც სადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე გადაიყვანეს. უფლებამოსილმა პირებმა სატრანსპორტო საშუალების გაყვანა კანონის ამოქმედებიდან 3-თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

მთავრობა პარლამენტს სპეციალური დაცული სადგომების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საფასურის გადახდევინების ახალ მექანიზმსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს. საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, 22 მარტს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავი იჩინა ცალკეულმა პრობლემებმა. კერძოდ, ვერ ხორციელდება დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშულებათა ეფექტური გადინება, მათი მესაკუთრეები უარს აცხადებენ სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, აღნიშნული პრობლემა, თავის მხრივ, იწვევს დაცული სადგომების არამიზნობრივად გადატვირთვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112“ იძულებულია დამატებით, იჯარით აიღოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც ახალ დაცული სადგომები ეწყობა. უწყების ინფორმაციით, ერთი მხრივ, სახეზეა დაცულ სადგომზე დიდი და მზარდი რაოდენობით დაგროვებული ავტომანქანები, ხოლო მეორე მხრივ, მათზე რეაგირების არაეფექტური მექანიზმი, “112“-ის ხელში კი, არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს საჭიროების გასვლის შემდეგ უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა ავტოსადგომებიდან.

“2014-2020 წლებში, 112-ის დაცულ სადგომზე 73 820 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, საიდანაც 1 207 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დღემდე დგას. აღსანიშნავია, რომ აქედან 50 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დაცულ სადგომზე დგას 2014 წლიდან, 135 - 2015 წლიდან, 177 - 2016 წლიდან, ხოლო 212 - 2017 წლიდან. დამატებითი დაცული სადგომების იჯარის ღირებულებამ კი 2015-2020 წლებში (ოქტომბრის მდგომარეობით) შეადგინა 551,874.07 ლარი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია შეიქმნას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების სერვისის საფასურის გადახდევინების ეფექტიანი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული აღნიშნული ფუნქციის ეფექტიანი შესრულება.

აღსანიშნავია, რომ 2014-2020 წლებში 112-ის დაცულ სადგომზე მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის დავალიანება შეადგენს 3 735 195 ლარს. შესაბამისად, თითოეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე რამდენიმე ასეული ლარის დავალიანებაც შეიძლება ირიცხებოდეს, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მათ. ცალკეულ შემთხვევებში კი შეიძლება დავალიანებამ გადააჭარბოს სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულებასაც“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system