თავში

ვისი ანაზღაურება გაიზრდება 2020 წელს

ვისი ანაზღაურება გაიზრდება 2020 წელს
ვისი ანაზღაურება გაიზრდება 2020 წელს

მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებსა და პენსიონრებს ანაზღაურება ეზრდებათ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობა მთავრდება და დღეს პროექტის საბოლოო განხილვა გაიმართება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, რის შემდეგაც ამ ბიუჯეტს პარლამენტს წარუდგენენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც მისი პოლიტიკური გუნდი ეყრდნობა.

პრემიერმინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1 ივლისიდან ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიოენრებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით.

პრემიერის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით.

2020 წლის 1 ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით.

"2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეების საჭიროებებზეა დაყრდნობილი ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესენი არიან ბავშვები. რა თქმა უნდა, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე. სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას თქმით, სამართალდამცველებს 125 ლარით გაეზრდებათ. 

"გარდა ამისა, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით", - ამბობს გიორგი გახარია.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დროისთვის საჯაროდ გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად უცნობია, ჯამურად რა იქნება დაანონსებული სახელფასო მატების ღირებულება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system