თავში

"Wizz Air-ისთვის საქართველოს ბაზა პრიორიტეტული იქნება"

"Wizz Air-ისთვის საქართველოს ბაზა პრიორიტეტული იქნება"
Wizz Air-ისთვის საქართველოს ბაზა პრიორიტეტული იქნება

თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილება ქუთაისში ბაზის გაუქმების შესახებ. 

როგორც მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, Wizz Air საქართველოში რჩება.

პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ პანდემიის გამო Wizz Air-ისთვის საქართველოში არსებული ბაზა მნიშვნელოვანია.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს ეკონომიკური მდგომარეობა ახლო მომავალში გამოსწორდება ამ პანდემიის შემდეგ. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი და Wizz Air იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში და თუ ეს მოხდება, ავიაკომპანიისთვის საქართველოში არსებული ბაზა პრიორიტეტული იქნება," - აღნიშნა პიტერ სიიარტომ და დასძინა, რომ “უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა, გასულ წელს კი საქართველოს მოსანახულებლად ჩამოვიდა 7,000-მდე უნგრელი.

დავით ზალკალიანის თქმით,  Wizz Air მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროპასთან მჭიდრო კავშირში. სპეკულაციები კი, რომლებიც საკითხის გარშემო გავრცელდა, საფუძველს მოკლებულია.

"ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენდით, არის სპეკულაციები და არ აქვს შეხება რეალობასთან. Wizz Air არსად გადის, რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან მჭიდრო კონტაქტში Wizz Air-ის წარმომადგენლობასთან იმისთვის, რომ დავგეგმოთ თანმიმდევრულად ის შესაძლო ფრენები, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან. პიტერ სიიარტო ასევე ესტუმრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

შეგახსენებთ, მთავრობა ემიგრანტებისთვის ავიარეისებს დაასუბსიდირებს, ხოლო ავიაბაზარზე კონკურენციის უზრუნველსაყოფად და ბილეთებზე ადეკვატური ფასწარმოქმნისთვის სპეც-რეისებს არა ერთი, არამდედ, რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს. აქამდე ჩარტერული რეისების შესრულებაზე ნებართვა მხოლოდ "აირზენას" ჰქონდა, რის გამოც, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, კომერციულ ჩარტერებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები. ამასთან, თურნავას თქით, "აირზენამ" ბილეთები მთავრობასთან შეუთანხმებლად გაყიდა. ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ჩარტერული ფრენები Wizz Air-მაც განახორციელოს.

ქუთაისში ბაზის გაუქმების შესახებ კომპანიამ 1 ივლისს განაცხადა.  Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. კომპანია მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას.

მეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია ფრენების აღსადგენად სახელმწიფოს დასტურს ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system