თავში

ზალკალიანი: საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტულ პროექტებში ჩართვით დავამტკიცეთ სანდოობა

ზალკალიანი: საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტულ პროექტებში ჩართვით
ზალკალიანი: საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტულ პროექტებში ჩართვით დავამტკიცეთ სანდოობა

საქართველომ არსებულ რეგიონულ პროექტებში აქტიური ჩართულობით დაამტკიცა თავისი სანდოობა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამის მაგალითია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი. 

"ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ენერგო-ტრანზიტული პროექტებისკენ, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი (TANAP, TAP), თეთრი ნაკადი, ტრანს-კასპიური გაზსადენი, ევრაზიის ენერგოსატრანსპორტო დერეფანი და AGRI“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული სატრანზიტო მარშრუტების და დერეფნების განვითარების პროცესში და ისეთ პროექტებში, როგორებიცაა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფანი, „ლაპის ლაზული“, სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპიდან ჩინეთამდე ტვირთის გადაზიდვის დრო.

საქართველოს ძალისხმევა სრულად არის მიმართული სტრატეგიულად მნიშნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისკენ და მოვუწოდებთ როგორც აშშ-ს, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თავის გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებას, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (5,2%), რაც აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს და რაც აჩვენებს ქართული ეკონომიკის მედეგობას. ზალკალიანის თქმით, 2020 წელს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქეყანაში არსებულ გარემოს აფასებს, როგორც რეფორმების გაგრძელების კარგ შესაძლებლობას.

მინისტრის აზრით, გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. ასეთი სტრატეგიით გათვალისწინებული უნდა იყოს შავი ზღვის ქვეყნების მიღწევები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, რეგიონალური პარტნიორობის შესაძლებლობების შენების და რეგიონალური და გლობალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system