თავში

ზამთრის კომუნალური სუბსიდიისთვის მთავრობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ზამთრის კომუნალური სუბსიდიისთვის მთავრობამ 200 მილიონ
ზამთრის კომუნალური სუბსიდიისთვის მთავრობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში მოსახლეობის მიერ 200 კუბური მეტრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყალმომარაგების საფასურის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში (2020 წლის ნოემბერი-2021 წლის თებერვალი) მიმდინარეობდა, დასრულდა.

"სუბსიდირდებოდა ის მოსახლეობა, რომელიც თვეში მოიხმარდა 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას, ამავე კატეგორიის მოსახლეობისთვის ხდებოდა დასუფთავების მოსაკრებლის სუბსიდირება, ასევე ცალკე იყო წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სუბსიდირება. ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც 200 მილიონ ლარს აღემატება“, – ამბობს ნარმანია და დასძენს, რომ მოსახლეობას, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას 300 კილოვატ საათამდე, ტარიფის ნაზარდი უსუბსიდირდება.

„როდესაც მარეგულირებელმა კომისიამ სამნახევარი თეთრით გაზარდა ტარიფი, ეს ნაზარდი მოსახლეობას უსუბსიდირდება მთელი წლის განმავლობაში, ისევე როგორც კომერციულ სექტორს, რომლებიც საქმიანობენ კვების მრეწველობაში. ასეთი ტიპის ბიზნესს ასევე 50 პროცენტით მთელი წლის განმავლობაში უსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი. ჯამში, სამივე სექტორში კომუნალური სუბსიდიით რამდენიმე მილიონმა მოსახლემ ისარგებლა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, 10 ათასამდე მოქალაქემ უარი განაცხადა სუბსიდირებაზე.

„მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად გადაეხადათ. გამოიჩინეს რა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, უარი თქვეს კომუნალურ სუბსიდიაზე და ამით შეუწყვეს ხელი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, რომელიც მთავრობამ სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმართა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system