თავში

ზეთის შემდეგ, შეიძლება წიწიბურა გაძვირდეს

ზეთის შემდეგ, შეიძლება წიწიბურა გაძვირდეს
ზეთის შემდეგ,  შეიძლება წიწიბურა გაძვირდეს

სამომხმარებლო ბაზრის მიმომხილველი ექსპერტები, ასევე იმპორტიორები, წიწიბურას მასშტაბურ გაძვირებას აანონსებენ. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა. მართალია, პროდუქტის დეფიციტი არ გველის, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ქვეყანას ალტერნატიულ ბაზრებზე პროდუქტის გაცილებით მაღალ ფასში შესყიდვა მოუწევს. 

კერძოდ, მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებზე ზეთი 40%-ით გაძვირდა და იგივე ელის წიწიბურასაც, რომლის ფასი სამომავლოდ მნიშვნელოვნად დაკორექტირდება. 

,,პანდემიურ პირობებში ბიზნესმა ქცევის წესები შეცვალა. ყველა ცდილობს, საკუთარ თავზე იზრუნოს. ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე, სტრატეგიულ პროდუქტებს თითქმის ვერ ვაწარმოებთ. ხორბლის შემთხვევაში, თვითუზრუნველყოფა 10%-ს არ აღემატება, წიწიბურა საერთოდ არ იწარმოება, ამიტომ მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული. მოსალოდნელია, რომ წიწიბურა გაძვირდება. სავარაუდოდ, მოიმატებს ხორცის ფასიც. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით გველის ფასების ზრდა. წლის ბოლომდე ფორსმაჟორი სიტუაციაა მოსალოდნელი, თუმცა მსოფლიო ელოდება ვაქცინის დიდ რაოდენობას და ჩვენც უნდა გადავერთოთ, რაც შეგვიძლია, ვაწარმოოთ პირველადი მოხმარების პროდუქცია, მათ შორის, სოიო, წიწიბურა და სხვა, პრიორიტეტები სწორად გადავალაგოთ. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ.  სტრატეგია უნდა შეიცვალოს და ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეეწყოს ხელი", - ამბობს ლევან სილაგავა report.ge-თან. 

წიწიბურას გაძვირებაზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც. მისი ვარაუდით, რაღაც ტენდენციებზე დალაგდება სიტუაცია და გაჩერდება ფასების ზრდა, თუმცა  მაღალი ფასი მაინც შენარჩუნდება. 

,,წარმოება არ გვაქვს და მთლიანად გარე ფაქტორებზეა ქვეყანა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, რუსეთი ექსპორტს თუ შეზღუდავს, ცხადია, ფასების ზრდა გვექნება. პროდუქტის შემოტანა მოგვიწევს სხვა ალტერნატიული ბაზრებიდან, რაც უფრო ძვირი დაგვიჯდება. მით უმეტეს, ქართული ბაზარი რუსულ მარცვლეულზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, განსაკუთრებით ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების შემთხვევაში. ვფიქრობ, ფასების ზრდის ტენდენცია დიდხანს იქნება შენარჩუნებული. შეიძლება გარკვეულ პერიოდში ზრდის ტენდენცია შეჩერდეს, მაგრამ ფასები დაბლა არ ჩამოვა", - ამბობს ანალიტიკოსი report.ge-თან.

ცნობისთვის, რუსეთი წიწიბურას ექსპორტს შეზღუდავს. დროებითი რეგულაციის ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა. საკითხი ხელისუფლებამ საბაჟო ტარიფების რეგულირების სხდომაზე უკვე განიხილა. ერთი-ერთი ვერსიით, აკრძალვა ძალაში 2021 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ამ სეზონზე წიწიბურას ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საინტერესოა სტატისტიკა წიწიბურას ექსპორტთან დაკავშირებით. როგორც ,,საქსტატის" მონაცემიდან ირკვევა, წელს საქართველომ წიწიბურა ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანში გაყიდა, ხოლო რუსეთში მისი რეექსპორტი განხორციელდა. სტატისტიკის მიხედვით, მომდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 1008 საბაჟო კოდის ქვეშ ექსპორტზე გავიდა 0.2 ტონა წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული, რომლის ღირებულება 0.9 ათას დოლარს უტოლდება

რაც შეეხება ზეთის ფასს, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზეთი და ცხიმი 40.2 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან. ზეთი და ცხიმი ქვეყანაში გაძვირდა ბოლო ერთი თვის განმავლობაშიც. ფასის ზრდასმ 30 დღეში 4.2 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system