თავში

საქართველო დაავადების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
საქართველო დაავადების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტები ინოვაციური ტიპის მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ არის ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

„ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა, გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც დიდი ზომის, ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ, გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება. ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება“, – აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სპეციალური ვიდეოზარის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.

„მისი დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების საშუალებას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად, 30 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ციფრული ჯანდაცვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება და თავდაპირველად 25 გეოგრაფიულად დაშორებულ ლოკაციაზე განთავსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system