თავში

საქართველოს მონეტარული ბაზა 11.9 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს მონეტარული ბაზა 11.9 მლნ ლარით შემცირდა
საქართველოს მონეტარული ბაზა 11.9 მლნ ლარით შემცირდა

2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 59.8 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 11.9 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 8.3 პროცენტს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 173.8 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა ნოემბერში 152.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 21.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 

თვის მიმოხილვაში აღნიშნულია ისიც, რომ ნოემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 90.4 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,605.1 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20 მლნ ლარის და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. 

"აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 390.0 მლნ ლარით და 1,910 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხი უცვლელია და 400 მლნ ლარს, ხოლო ერთდღიანმა სესხმა 440.7 მლნ ლარით მოიმატა. მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი შემცირდა 115.4 მლნ ლარით. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 64.7 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 3,90.6 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 59.8 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 106.0 მლნ ლარით შემცირდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 44.4 მლნ ლარით, ხოლო კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 1.7 მლნ ლარით გაიზარდა," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

2020 წლის ნოემბერში, ფართო ფულის, M3-ის აგრეგატი 519.0 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსათვის 28.9 მლრდ ლარი შეადგინა. წლიური ზრდის ტემპი კი 19.3 პროცენტი იყო. საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე 631.1 მლნ ლარით ზრდა დაფიქსირდა და ნოემბრის ბოლოსთვის 16.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში 9.8 მლნ ლარით შემცირდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და 9.1 მლრდ ლარი შეადგინა. ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში, 0.9 პროცენტით (112.1 მლნ ლარით) შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system