თავში

"თავდაპირევლად გაციება, შემდეგ - კომა" - კოვიდპაციენტის შოკისმომგვრელი ისტორია

"თავდაპირევლად გაციება, შემდეგ - კომა" - კოვიდპაციენტის შოკისმომგვრე
თავდაპირევლად გაციება, შემდეგ - კომა - კოვიდპაციენტის შოკისმომგვრელი ისტორია

გერმანელი პიტერ შმიდტგენი ერთ-ერთი მათგანია, ვინც COVID-19-ის ყველაზე მძიმე ფორმით დაავადდა. ექიმები მისი ფილტვების რენტგენის სურათს ერთმანეთს უზიარებენ, როგორც ადამიანის ორგანიზმზე SARS-CoV-2-ის დამანგრეველი ეფექტის თვალსაჩინო მაგალითს.

პიტერ შმიდტგენმა ექიმს მარტის ბოლოს გაციების სიმპტომებით მიმართა. 

"მსუბუქი თავის ტკივილი მქონდა. გამონაყარი და ხველა. ექიმმა თავიდან ჩემი სიმპტომები სერიოზულად არ მიიღო", - ამბობს მამაკაცი. 

მას ანტიბიოტიკები დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. პაციენტის სიმპტომები კიდევ უფრო გართულდა. როდესაც შმიდტგენი კვლავ ექიმთან მივიდა, იგი სასწრაფოდ კლინიკაში დააწვინეს, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. შედეგი დადებითი აღმოჩნდა. 

"ორი დღე საავადმყოფოში გავატარე. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ექიმებმა ხელოვნური კომაში შემიყვანეს. ეს  4 აპრილს მოხდა", - იხსენებს შმიდტგენი.

ხელოვნურ კომაში მან ორი თვე გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ხელოვნურ სუნთქვით მართვაზე იყო. 

"მისი ფილტვები საშინელ მდგომარეობაში იყო. მათ პრაქტიკულად შეწყვიტეს ფუნქციონირება, რადგან დამოუკიდებლად ჟანგბადს ვერ იღებდნენ", - ამბობს ექიმი სილვია ლინდენბერგი. მისივე თქმით, პაციენტის ფილტვების სურათი ერთ დიდ ნაწიბურს ჰგავდა.

"მას ღრმა ვენის თრომბოზი ჰქონდა. ფილტვის ემბოლია მარცხენა და მარჯვენა მხარეს. მან ცერებრალური ინფარქტი და ინსულტი გადაიტანა. მარცხენა მკლავი საერთოდ არ უმოძრავებდა. ეს არის COVID-19-ით დაავადებული მძიმე პაციენტის ტიპური სურათი", - აღწერს შმიდტგენის მდგომარეობას ექიმი. 

მას შემდეგ, რაც პიტერ შმიდგენი კომიდან გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ვირუსის ორგანიზმზე გავლენა ძალიან მძიმე აღმოჩნდა. 

"მას ე.წ რეტროგრადული ამნეზია აქვს. საავადმყოფოში ყოფნის მომენტიდან თითქმის არაფერი ახსოვს. მან ყველაფერი მხოლოდ ექიმების მონაყოლიდან იცის", - ამბობს სილვია ლინდენბერგი.

პიტერ შმიდტგენი რეაბილიტაციას რაინ-ვესტფალიის რეაბილიტაციის ცენტრში გადიოდა. 

"როდესაც გონებაზე მოსვლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავი დავინახე, ვერ ვიცანი. 10 კგ-ზე მეტი დავიკელი. თავიდან სიარული საერთოდ არ შემეძლო, უბრალოდ  ვიწექი. ახლა ფიზიოთერაპევტები კვირაში სამჯერ მოდიან ჩემთან", - ამბობს მამაკაცი მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

პიტერ შმიდგენი არ იყო მაღალი რისკის მქონე პაციენტი. ის 66 წლის არის და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა, არ ჰქონია ჭარბი წონა, წნევის პრობლემები ან სისხლში შაქრის მაღალი დონე. 

"მე ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. სპორტით ვიყავი დაკავებული. ველოსიპედით ვმოძრაობდი, ზამთარში სათხილამუროდ დავდიოდი", - ამბობს მამაკაცი.

მან სიცოცხლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად თითქმის ნახევარი მსოფლიო მოიარა და ორი წლის წინ ანტარქტიდაც კი მოინახულა. 

მან არ იცის როგორ და სად დაინფიცირდა კორონავირუსით. 

"ყოველთვის მჯეროდა, რომ ძლიერი იმუნიტეტი მაქვს და სერიოზული ავადმყოფობისაკენ გენეტიკური მიდრეკილება არ არსებობს. დედამ 99 წელი იცოცხლა და ყოველთვის მხიარული და აქტიური იყო", - ამბობს შმიდტგენი. თუმცა, მისი თქმით,  ეს რწმენა მცდარი აღმოჩნდა. 

"კარგი იქნება, თუ ყველა, ვისაც კორონავირუსის არ სჯერა, დაინახავს, რა ხდება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც კორონავირუსული პაციენტები იმყოფებიან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ COVID-19 სერიოზული დაავადებაა", - ამბობს მისი მკურნალი ექიმი.

სტატია მომზადებულია DW-ის მასალების გამოყენებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system