თავში

ახალმთვარეობა, მოსალოდნელი ტენდენციები და პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ახალმთვარეობა, მოსალოდნელი ტენდენციები და პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის
ახალმთვარეობა, მოსალოდნელი ტენდენციები და პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ახალმთვარეობა ტყუპების მე 3 გრადუსში (პიკი 21:38 სთ)

ახალი იდეები, განახლება.

ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით მნიშნელოვანი იქნება მათთვის, ვინც დაბადებულნი არიან ტყუპების ზოდიაქოს დასაწყისში და კუროს ზოდიაქოს ბოლო რიცხვებში.

ნუ იქნებით სულსწრაფი, რადგან ამ პერიოდში უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში გაორება. გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად დაფიქრდით.

ტყუპები ჰაერის სტიქიის პირველი წარმომადგენელია, ეს არის სტიქია, რომელსაც პრაქტიკულად ვერ შეზღუდავ, ვერ დაიჭერ, ვერ მოიხელთებ.

ტყუპებს განაგებს პლანეტა მერკური (გონების მმართველი). ის ემსახურება ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი საკითხის პრაქტიკულ ჭრილში გამოტანას. ინფორმაციის გავრცელების გარდა , მნიშვნელოვანი საკითხებია: კომუნიკაციები, გადაადგილება, შიდა ტურიზმი, ტრენინგები, სარეკლამო კომპანიები, ლექციები, ტელე-რადიო საშუალებები.

20 მაისს მზე გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, შესაბამისად უკვე გამოხატული იქნება ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი აქტიურობა, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ქაოსი, რადგან ტყუპების ნიშანში თავს იყრის ახლახანს უკუსვლაში გადასული პლანეტა ვენერა (რომელიც სასიყვარულო კომუნიკაციებს განაგებს) და რაქუ (აღმავალი კვანძი, რომელიც გარკვეულ ფონს ქმნის 1,5 წლის განმავლობაში) . ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ძალიან აქტუალური, საჭირო და განვითარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება უახლოესი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

საყურადღებოა ეს ახალმთვარეობა იმითაც, რომ ის ქმნის ერთგვარ საფუძველს მოახლოებული მზისა და მთვარის დაბნელებების დერეფნისთვის, სწორედ დაბნელებამდე პერიოდი ემსახურება ერთგვარად - დედამიწისთვის „მოპარული დროის“ დაბრუნების მცდელობას და თითოეულ ადამიანს ამ პერიოდში აქვს საშუალება იმისა, რომ ფეხი აუწყოს სამყაროს, ადაპტირდეს და გახადოს ცხოვრება უფრო პროდუქტიული, თუმცა, ჯერ მოქმედების დრო არ არის, ახლა უნდა შეიძინოს თითოეულმა ჩვენგანმა საჭირო უნარები, პრაქტიკულობა, აქტიურობა რათა გვქონდეს მზაობა დიდი გარდაქმნებისთვის.

რიგი დაბნელებებისა შესაძლოა საერთოდ რადიკალური ცვლილებების მომტანი აღმოჩნდეს, ამიტომ ახალს და მნიშვნელოვანს ახლა ნურაფერს შეეჭიდებით (ვენერა, სატურნი, იუპიტერიც უკუსვლითია), ეცადეთ მოახდინოთ მორგება ამ რეალობაზე, მიხედეთ ჯანმრთელობას, შეიტანეთ ცვლილებები ფასეულობებში, მოაწესრიგეთ სივრცე, გარემო, შეაკეთეთ ძველი ნივთები, აღადგინეთ საჭირო კომუნიკაციები, დაიხმარეთ ძველი გამოცდილება იმისათვის რომ გააგრძელოთ ადრე დაწყებული (გაჭიანურებული ან შეწყვეტილი) საქმეები.

პერიოდი სასიკეთოა ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის (გარდა მშვილდოსნისა, მას მეტი ადაპტურობისა და მიმღებლობის გამოვლენა სჭირდება)

შედარებით რთული შესაძლოა იყოს მიწისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის.

1 თვიანი პროგნოზი თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

(შეგიძლიათ იხემძღვანელოთ ან ზოდიაქოს ნიშნით ან ასცენდენტით)

ვერძი

აქტიურობა, კომუნიკაციები, გადაადგილება, განახლებული პროექტები. ურთიერთობების აღდგენა მეზობლებთან ნათესავებთან, და-ძმებთან. კარგია პერიოდი მცირე სასწავლო კურსებისთვის, ტექნიკის, ავტომანქანის შესაკეთებლად, იმ საკითხების ასათვისებლად, რომელიც აქამდე ვერ მოახერხეთ.

კურო

თქვენი ახალი იდეებისა და კომუნიკაციების დახმარებით ახალი ფინანსური წყაროები გაგიჩნდებათ. ასევე შესაძლოა დაგიბრუნონ ვალი ან ახლა მიიღოთ ნაყოფი ადრე დაწყებული საქმისთვის, რომლის იმედიც შესაძლოა აღარც გქონდათ. მთავარია არ იჩქაროთ. სასიკეთო პერიოდია დიეტისთვის.

ტყუპები

მატულობს თქვენი შარმი, ენერგოტონუსი, მეტად აქტიური ხდებით. მთავარია არ იჩქაროთ! გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთების საშუალებაც აქამდე არ გქონდათ. ერთადერთი შეზღუდვა - იმიჯთან და პირად სასიყვარულო საკითხებთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ ახალ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს!

კირჩხიბი

იყავით მოქნილი, ნუ გათქვავთ თქვენს სამომავლო გეგმებს, შესაძლოა გაგიჩნდეთ განმარტოების სურვილი რაც მხოლოდ სასიკეთოდ იმუშავებს, დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ფსიქოლოგიას და მასზე მუშაობას. აქტუალური შესაძლოა იყოს ემიგრაციასტან დაკავშირებული საკითხები.

ლომი

მშვენიერი პერიოდი გაქვთ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად, ყურაღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, მეგობრების სფეროს. ეცადეთ თქვენი საქმიანობა მეტად დაუკავშიროთ სოციალურ ქსელებს. შესაძლოა წარსულიდან დაბრუნდნენ ადამიანები ან სიტუაციები რომელიც ემოციებს გაგიცოცხლებენ.

ქალწული

აქტუალურია კარიერული საკითხები, ასევე სტატუსთან დაკავშირებული თემები. კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული მიღწევები, დაწინაურება, სამსახურში აღდგენა, ან ახალი შემოთავაზებები. მომგებიანი შესაძლოა იყოს ყიდვა-გაყიდვის სფერო. იყავით მეტად მოქნილი და შეიტანეთ ძველ საქმიანობაში სიახლეები.

სასწორი

აქტუალური საკითხები შესაძლოა უკავშირდებოდეს უცხოეთს, განათლებასა და კანონთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა დასრულდეს გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. მოგიწიოთ უცხოეთიდან დაბრუნება სწორედ ახლა, ან განაახლოთ უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ან სხვა სახის საკითხებზე მუშაობა.

მორიელი

აქცენტირებულია თემები რომელიც უკავშირდება საბანკო სექტორს, დიდ ფინანსებს. ღრმა ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციული ხასიათის ცვლილებები, რომლის შემდეგაც თქვენ - თქვენ აღარ ხართ. იწყებთ განახლების პროცესს, რომელიც პირველ რიგში თქვენს გონებას შეეხება.

მშვილდოსანი

აქტუალურია პარტნიორობის თემა, მიიღეთ სამყაროსგან ნებისმიერი გამოწვევა და ნუ იმოქმედებთ ძველი შაბლონური მაგალითებით. ძველი კავშირების აღდგენის ალბათობა მატულობს როგორც საქმიან პარტნიორულ საკითხებში ასევე სასიყვარულო სფეროში.

თხის რქა

მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანსარი ცხოვრების წესს, გადაახალისეთ ძველი ფასეულობების სისტემა, საჭიროა მეტად ადაპტირება ახალ სიტუაციებზე, ახალ სამყაროს მოდელზე. შეცვალეთ რუტინა, განაახლეთ დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. აქტუალური შესაძლოა იყოს ძველ კოლეგებთან და საერთოდ ძველ საქმესთან დაბრუნება.

მერწყული

მშვენიერი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იაქტიურეთ, ძალიან დაგეხმარებათ ბავშვებთან კომუნიკაცია ნებისმიერ საქმიანობაში.დაისვენეთ, დატკბით ყოველი წუთით. სიყვარული და ამაღლებული განწყობა თქვენი გარშემომყოფებისთვისაც მშვენიერ გარემოს შექმნის. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ თქვენთვის ღირებული ადამიანები.

თევზები

აქტუალურია სახლის, ოჯახის, მშობლების თემა. განახლება, აღდგენა, მოწესრიგება, რემონტის თემები, თუნდაც სადავო საკითხები, რომელიც სახლს უკავშირდება. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, თქვენც ყველაზე მეტად მათი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. დაუბრუნდით ფესვებს, ოჯახს, დაალაგეთ თქვენი ცხოვრება. 

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system