თავში

10 ყველაზე რთული ვიდეო-თამაში რომელიც იზოლაციის დროს გაგართობთ

10 ყველაზე რთული ვიდეო-თამაში რომელიც იზოლაციის დროს გაგართობთ
10 ყველაზე რთული ვიდეო-თამაში რომელიც იზოლაციის დროს გაგართობთ

ვიდეო თამაშები ადრე უფრო რთული იყო. ეს ფრაზა ვეტერანი გეიმერებისგან ხშირად თქმულა და ნუ ჩათვლით რომ ეს ნოსტალგიური ელიტიზმის სნობური დამოკიდებულებაა. ეს უბრალოდ სიმართლეა.  ძიების პროცესში აღმოვაჩინე რომ რთული თამაშები, ძირითადად ძველი და ტვერმოდებული თამაშებია და რადგან ახლა 2020 წელია, ვეცადე თანამედროვე თამაშების ჩამონათვალშიც მეპოვა ისეთი მარგალიტები, რომელთა თამაშის დროს არაერთხელ მოგინდებათ თქვენი კონტროლერის ან კლავიატურის დალეწვა. 

 10. Nioh 


როდესაც პირველად ამ თამაშის შესახებ გახდა ცნობილი, გეიმერებმა ის აითვალისწუნეს და დარქ სოულსის მორიგ მიმბაძველობად შერაცხეს. თამაშის გამოსვლის შემდეგ კი მოთამაშეების დამოკიდებულება შეიცვალა. ნიოს აღმოაჩნდა რაღაც ისეთი, რაც მოთამაშეებს იზიდავდა. თამაში ერთი შეხედვით მართლაც მოგვაგონებს ზემოთ ხსენებულს, თუმცა განსხვავება სტილში ნამდვილად იგრძნობა. Nioh-ს საკმაოდ კარგი გეიმფლეი და ვიზუალი აქვს. საინტერესო ისტორიის გაგებას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მაქსიმალურად კონცენტრირდებით და მოწინააღმდეგეებს განგმირავთ. არ გეგონოთ რომ ეს მარტივია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ე.წ. ბოსებთან, უფროსებთან მოგიწევთ შერკინება

9. Cuphead


ძველი სტილის მულტფილმები გიყვართ? მაშინ ქაფჰედ-ი თქვენთვისაა შექმნილი. ეს უნიკალური სტილის თამაშია, რომელიც არა მხოლოდ ძველ ანიმაციურ ფილმებს მოგაგონებთ, არამედ ძველ თამაშებსაც, ისეთებს როგორიც იყო მაგალითად ყველასათვის საყვარელი Contra. 

Cuphead-ის უნიკალურმა რეტრო გარემომ და საბავშვო ანიმაციის სტილმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ეს ბრუტალური სამყაროა სადაც თქვენი რეფლექსები უნდა დახვეწოთ და ეცადოთ კარგად შეისწავლოთ მტერი. ჭიქისთავიანი გმირი რომელიც ხელებიდან ალმასებს ისვრის და მცენარეებს ებრძვის მართლაც კარგი თამაშია მათთვის ვისაც ნოსტალგია აქვს ე.წ.Run and Gun თამაშების მიმართ. 

8. Trial fusion 


ეს ის თამაშია ერთი შეხედვით რომ უნდა დაგამშვიდოს და სიამოვნება მიგაღებინოთ, მაგრამ მისი დაწყებისთანავე ხვდებით, რომ რაღაც ისე არაა. თითქოს მარტივი რაღაცეები ძალიან რთულად გამოდის და არაერთი ალეწვის შემდეგ ბრაზით ივსები და ყველაფერს მაინც თავიდან იწყებ. რატომ? იმიტომ რომ "ბაიკი" რომელსაც თამაშში მართავ უკვე გიყვარს და უკვე გგონია, რომ იცი თუ როგორ უნდა გადალახო დაბრკოლება, რომელზეც რამდენიმე წამის წინ დაიმტვერი. ასეთი დაბრკოლებები კი ამ თამაშშია ძალიან ბევრია. თამაში საკმაოდ დახვეწილია, აქვს ნორმალური გრაფიკა და სამყაროს ვიზუალი საკმაოდ სასიამოვნო საყურებელია. 

 7. F-Zero GX


რთულია სარბოლო თამაშებიდან რომელიმე მოახვედრო რთული თამაშების ჩამონათვალში, რადგან ასეთები თითქმის არ არსებობს. გამონაკლისია F-Zero GX, რომელიც საკმაოდ ძველია. ის 2003 წელს გამოუშვა Nintendo-მ Gamescube-ის კონსოლისთვის, თუმცა ვეტერანი მოთამაშეები დღემდე დადებითად მოიხსენიებენ მას და ურჩევენ რეისინგის ყველა მოყვარულს. რა გამოარჩევს F-Zero GX-ს სხვა სარბოლო თამაშებისგან? რეალური სისწრაფე. შეიჯიბრის დროს თქვენ მოგიწევთ იფიქროთ თქვენს ოპონენტებზე, თავი აარიდოთ სხვადასხვა დაბრკოლებებს და რაც მთავარია შეინარჩუნოთ სისწრაფე, რომელიც სხვა თამაშებისგან განსხვავებით, მართლაც რომ შთამბეჭდავია. პრინციპში გასაკვირი არაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ავტომანქანების მაგივრად აქ მაგლევი რაკეტის მართვა გიწევთ. თუ ყურადღებას არ მიაქცეთ იმ ფაქტს, რომ ახლა 2020 წელია და თქვენი კომპიუტერის გრაფიკულ მონაცემებს შეუძლია ვიჩერ 3-ის თავისუფლად გაშვება, მაშინ უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით, რადგან როგორც ამბობენ მთავარი არა გრაფიკა, არამედ გეიმფლეიაო. 

. 6. Bloodborne


Fromsoftware, ის დეველოპერული კომპანიაა რთული თამაშების შექმნით რომ გახდა ცნობილი. უმეტესწილად კი Souls-ის სერიებით. Dark Souls კიდევ დაუბრუნდებით, თუმცა მანამდე Bloodborne უნდა გაგაცნოთ. ის 2015 წელს გამოვიდა PS4-ზე და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. Bloodborne გოთური RPG ჟანრის ჰორორ თამაშია. ბნელი გარემოთი და უამრავი ურჩხულით, რომლებიც შენი გმირის განადგურებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. თამაშში უამრავი მონსტრია და მათი მოკვლა იოლი საქმე არ გეგონოთ. იმისთვის რომ შეძლოთ გამარჯვება, მოგიწევთ კარგად შეისწავლოთ მტერი, დააკვირდეთ და შეისწავლოთ მათი მოძრაობები, გამოიჩინოთ სისხარტე, იფიქროთ მტრის შემდეგ ნაბიჯებზე და არ დაიბნეთ. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ კონცენტრაციას საჭიროებს, რასაც გამუდმებით საფრთხეს უქმნის მართლაც რომ საშიში მონსტრები, აი ისეთი ბავშვობაში რომ გვესიზმრებოდა ან ლოგინის ქვეშ დამალულები რომ გვეგონა ხოლმე. Bloodborne, მართლაც საინტერესო და გამოწვევებით სავსე თამაშია, გეიმფლეი Dark Souls მოგვაგონებს, თუმცა ბრძოლები გაცილებით აგრესიულია. 

5. The Witness


 გიყვართ გამოცანები? მაშინ რას იტყვით თუ გამოცანებით სავსე კუნძულზე აღმოჩნდებით? The witness 2016 წელს გამოსული ვიდეო თამაშია ფანტასტიკური ვიზუალით და კიდევ უფრო ფანტასტიური ჩანაფიქრით. ჩანაფიქრით, რომლის გარკვევევასაც მთელი თამაშის განმავლობაში თითოეული პაზლის ამოხსნით შეძლებთ. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ამად ღირს. რთული, მაგრამ ამოხსნადი გამოცანები ერთი შეხედვით შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და რომ სულ უფრო უახლოვდებით პასუხს მთავარ კითხვაზე. გარემო მართლაც თვალწარმტაცია და თითოეული დეტალი საბოლოო ჯამში საოცარ სამყაროს ქმნის. დეველოპერებმა აშკარად ბევრი იმუშავეს სისტემაზე და თამაშის ბოლოს ამაში დარწმუნდებით. თამაშმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და უმაღლესი ქულებიც კი დაუწერეს.

4. Super meat boy


ფიქრობთ, რომ Super Mario-ში პრინცესას დახსნა რთული გამოწვევა იყო? მაშინ კარგია, რომ იმ დროს Super meat boy ჯერ კიდევ გამოსული არ იყო. ის 2010 წელს გამოვიდა პლატფორმებზე და ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაშის სტატუსი მალე მოიპოვა. შეეგუეთ იმ აზრზს რომ ამ თამაშში ძალიან, ძალიან ბევრჯერ მოკვდებით. სიუჟეტი მარტივია და ჰგავს Super Mario-ს. თქვენი მიზანია საყვარელი მეგობარი ხორცის ნაჭერი გოგო იხსნათ ბოროტი დოქტორი ფეტუსისგან, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ბანკაში მოთავსებული ბავშვია. ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს? იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. 300 ტურის განმავლობაში თქვენ იმდენჯერ განიცდით მარცხს, იმდენჯერ ჩავარდებით სასოწარკვეთაში, რომ სასაცილოდ საქმე არ გექნებათ. თამაშის დროს გაგიჩნდებათ ერთადერთი მიზანი, გახვიდეთ მოცემულ ტურში. შემდეგ კი იმავე მოტივით შეეცდებით კიდევ ერთ ტურში გასვლას. ასე გრძელდება იქამდე სანამ დანებებას გადაწყვეტთ, რადგან ამ თამაშში ბოლომდე გასვლა ყველას ნამდვილად არ შეუძლია.

3. God Hand


2006 წელს, PS-ისთვის გამოვიდა თამაში, რომელიც კრიტიკოსებმა არ დაინდეს და მარტივად რომ ვთქვათ დაიწუნეს. საპირისპირო რეაქცია გამოიწვია მოთამაშეებში. სირთულეების მოყვარულმა მოთამაშეებმა ის  შეიყვარა. თამაშის პროტაგონისტი ჯინი მოჩხუბარია, რომელსაც დემონებთან შერკინება მოუწევს. 23 წლის ქუჩის მოჩხუბარი მაჩო, ერთ-ერთ ბრძოლაში ხელს დაკარგავს, თუმცა მის ნაცვლად არც მეტი არც ნაკლები ღმერთის ხელს მიიღებს და მისით გაძლიერებულს დემონებთან ბრძოლაში შანსი გაუჩნდება. მართალია ჩხუბის სპეციფიკის გაგება ამ თამაშში მარტივია, მაგრამ მისი დახვეწა ძალიან რთული. ყოველი შემდეგი მოწინააღმდეგე უფრო რთული დასამარცხებელი ხდება. შეცდომის დაშვების უფლება ფაქტობრივად არ გაქვთ, რადგან თითოეული თქვენი შეცდომა მარცხის ტოლფასია. თამაში საკმაოდ კომპლექსურია, მასში ჩხუბის უამრავი ტექნიკაა მოცემული და თქვენი მიზანია სწორად შეარჩიოთ ის. მოირგოთ ყველაზე მოსახერხებელი სტილი და გამოიყენოთ ის მტრის წინააღმდეგ, God Hand-i მართლაც ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაშია, თუმცა მისი ხიბლი მხოლოდ ეს არ არის. თამაში გაჯერებულია იუმორით, რომელსაც იაპონური ელფერი დაჰკრავს.

2. Dark Souls


 მოვიდა დრო ვისაუბროთ თამაშზე, რომელიც ამ ვიდეოში უკვე არაერთხელ ვახსენეთ.  Dark Souls-ის თამაში დაზიანებული ნერვების მქონე ადამიანთათვის რეკომენდირებული არ არის, შეიძლება უბრალოდ გაგიჟდეთ. დეველოპერებს თამაშის შექმნისას სამართლიანობაზე საერთოდ არ უფიქრიათ. ერთადერთი თქვენი მეგობარი -  სიკვდილია. თქვენი პერსონაჟი არაერთხელ მოკვდება, თუმცა ყოველი სიკვდილის შემდეგ თქვენ უფრო ძლიერი და მოტივირებული ხართ. ყოველი მომდევნო მოქმედება უფრო დახვეწილია და მაშინ როდესაც თავს დაუმარცხებლად იგრძნობთ, ისევ მოკვდებით, რადგან ყოველი შემდეგი მოწინააღმდეგე ერთმანეთისგან განსხვავებულია და ყოველი მომდევნო უფრო ძლიერია ვიდრე წინა. Dark souls გთავაზობთ საოცრად ბნელ და ტვინის საჭყლეტ გარემოს, ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიებს, ასევე მოულოდნელობებით სავსე სამყაროს. უცბათ, თამაშის დროსმ შეიძლება თავში დაგეცეთ ბლანტი მასა და გაგგუდოთ, ან უბრალოდ დრაკონმა გადაგიფრინოთ და თქვენგან მხოლოდ ძვლები დატოვოს. ასეთ რამეს თამაშის დროს ბევრს ნახავთ და არაერთხელ შეუკურთხებთ მის შემქმნელს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ მაინც კაყოფილი ხართ, რადგან Dark Souls არის ადრენალინი, მუდმივი დაძაბულობა და ის იმდენად ჩამთრევია, რომ თუ ერთხელ გაუგეთ ურჩხულის დამარცხებას გემო, მაშინ თქვენ Souls-ის სერიების ტყვე გახდებით. 

1. Ninja Gaiden 2


 ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თამაშია, რაც კი ოდესმე გინახავთ. მთვარი პერსონაჟი ნინძაა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოწინაღმდეგეებს შენი ეშინიათ, პირიქით, ნებისმიერ მათგანს შეუძლია თქვენი თამაში დაასრულოს მაშინვე, თუ ოდნავაც კი მოადუნებთ ყურადღებას, გეიმფლეი სისწრაფეზეა დამყარებული და მთელი თამაშის განმავლობაში არ გექნებათ სულის მოთქმის საშუალება. შეუძლებელიათამაში ისე დახუროთ, რომ ამ მისი ნამდვილი მასტერი არ გახდეთ, რადგან იქამდე სანამ ბოლო ტურს მიაღწევთ იმდენჯერ მოკვდებით და იმდენჯერ ისწავლით საკუთარ შეცდომებზე, რომ ბოლოს მართლაც ნამდვილი ნინძა დადგება თქვენგან. სამწუხაროდ ნინჯა გაიდენ 2-ის თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ X-box-ის მფლობელებს აქვთ. თუ დინამიური თამაშები მოგწონთ, ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჟანრში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system