თავში

მზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი გაიმართება

მზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი გაიმართება
მზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი გაიმართება

მზიურის პარკის ამფითეატრში დღეს, 18:30 საათზე, ორდღიანი ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სარკმელი ლიეტუვაში“ თბილისში პირველად ტარდება და მასზე წარმოდგენილი იქნება ლიეტუვური კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ტრადიციები.

"დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ლიეტუვური თანამედროვე მუსიკის და მრავალხმოვანი სიმღერების კომბინირების შედეგად შექმნილი კომპოზიციები, რომელსაც ლიეტუვური ჯგუფის „სკამპის“ წევრი ვიქტორას დიავარა ადგილობრივ მუსიკოსებთან და მსმენელებთან ერთად შეასრულებს. გარდა ამისა, ღია ცის ქვეშ გაიმართება ლიეტუვური ფილმების კინოჩვენება და შეხვედრები კინორეჟისორებთან.

პროგრამაში შედის რეჟისორ გიედრე ჟიცკიტეს დოკუმენტური ფილმი „როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი რეჟისორის მარია ქავთარაძის სადებიუტო ფილმი Summer Survivors და მარიუს მარკევიჩიუსის ფილმი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში სპორტის მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიება ითვალისწინებს არასრულწლოვან სტუმრებსაც, რომლებისთვისაც წარმოდგენილი იქნება ანიმაციური საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ასევე, დისკუსიები ლიეტუველ მხატვრებთან.

ფესტივალის მიზანია კულტურის, ლიეტუვური კინოს და მუსიკის უნიკალურობის ასახვა ევროპულ კონტექსტში. ახალი კავშირების შექმნით, პროექტი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხელოვანებს, შეხვდნენ და გამოცდილება გაცვალონ. ეს ღონისძიება არის ლიეტუვის საჩუქარი ქალაქ თბილისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ორდღიანი ფესტივალის ორგანიზატორები არიან ლიეტუვური სათვისტომოები „ლაბას“ და „რუტა“. ღონისძიება დაფინანსებულია ლიეტუვის კულტურის საბჭოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში. ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია თბილისის მერია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system