
ხელოვანის ტრაგედია "წითელი რეჟიმის" წნეხის ქვეშ, - ესა არის მთავარი ხაზი ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პიანისტის რომანის "წითელი კლავიშები", რომელიც გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა. გუგა ჩხიკვაძე 2013 წლიდან პალმ ბიჩ კოლეჯის საპორტეპიანო განყოფილების პროფესორია (აშშ, ფლორიდა). ამბობს, რომ " წითელი კლავიშების" ინსპირაცია მისი დიდი ბაბუების ისტორია გახდა, რომლებიც 1930-იან წლებში გადასახლებულები იყვნენ, მთავარი სათქმელი კი ადამიანებისთვის საბჭოთა კავშირის სისასტიკის კიდევ ერთხელ შეხსენებაა.
" ჩემი ორივე დიდი ბაბუა 1930-იან წლებში გადაასახლეს, ბევრი რეალური ამბავი მოყოლით ვიცი მათგან, მაგალითად, იცოდით, რომ ბევრი ადამიანია დახვრეტილი დღევანდელ ვაკის პარკთან? ეს ბევრმა არც კი იცის და კიდევ ბევრი რამ",- ამბობს გუგა ჩხიკვაძე.
გუგა ჩხიკვაძემ 2000 წელს ინტერლოქენის ხელოვნების აკადემიაში (აშშ) 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა.
„ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ უშუქობა, სიცივე, უწყლობა იყო. მე კი უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ჯერ კიდევ თინეიჯერი, ამერიკაში გავემგზავრე... "- ასე იხსენებს დღეს წარმატებული პიანისტი კარიერის დასაწყისს. მერე კი იყო ბევრი წარმატება.
პანდემიამ გუგასაც შეუცვალა გეგმები, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა და კიდევ ერთი რომანი დაწერა.
–ახალ რომანს, იმედია, ახლო მომავალში გამოვცემ. ასევე მსურს, არაჩვეულებრივ მწერალ შალვა სიხარულიძესთან ერთად, „წითელი კლავიშების” ფილმის სცენარად გადაკეთება. ზოგადად, სამომავლოდ, ბევრი გეგმები მაქვს, უახლესი იქნება დისკის ჩაწერა ალექსანდრე სკრიაბინის ნაწარმოებების. მაქვს სასწავლი ბახის კონცერტები, ვუკრავ ერთ ფესტივალზე და მსურს საქართველოშიც იგივე პროგრამით წარვდგე,- გვითხრა გუგა ჩხიკვაძემ.
წარმატებულ ქართველ პიანისტთან ვრცელ ვიდეო-ინტერვიუს report.ge მალე შემოგთავაზებთ.