თავში

5-6 ივლისი იყო ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი სირცხვილი - ნიკა სიმონიშვილი

5-6 ივლისი იყო ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი სირცხვილი - ნიკა სიმონიშვილი
5-6 ივლისი იყო ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი სირცხვილი - ნიკა სიმონიშვილი

5-6 ივლისი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის იყო ძალიან მძიმე დღე, ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი ხელისუფლებისთვის. სახელმწიფომ თავის პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას აღნიშნა

კვლევა 5-6 ივლისსა და წინა პერიოდში განვითარებული მოვლენებს ეხება. 

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და არ გაატარა სათანადო ზომები იმისთვის, რომ დაეცვა როგორც ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე აქტივისტების უფლებები, რასაც მოჰყვა მასობრივი ძალადობის შემთხვევები.

„ჩვენ ვიხილეთ მასობრივი ძალადობის შემთხვევები. ჩვენ ვიხილეთ დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა, რომლის აღმოსაფხვრელადაც და პრევენციისთვისაც ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ვიხილეთ ის, რომ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებმა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა წაახალისა ეს ძალადობა და ვიხილეთ ის, რომ შემდგომ გამართლდა ეს ყველაფერი. ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ 5 ივლისი იყო მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, თუმცა რეალურად 5 ივლისი იყო არამხოლოდ მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, არამედ როდესაც ქვეყანამ დაიწყო უკან ნაბიჯების გადადგმა ადამიანების უფლებებთან მიმართებით და დემოკრატიზაციის გზაზე. ა

აი მის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც 5 ივლისს მოხდა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა, ამის შემდეგ ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად ვიხილეთ, როცა მან ფაქტობრივად, არ იღო ყურად ჩვენი პარტნიორების მოწოდებები, რომ დაცული უნდა ყოფილიყო 5-6 ივლისს აქტივისტებისა და მედიის უფლებები, უნდა გამოძიებულიყო ეს დანაშაულები, თუმცა დღემდე, ბოლომდე არ არის ეს ყველაფერი სათანადოდ გამოძიებული, განსაკუთრებით, ორგანიზატორების ნაწილში. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა იმ აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ფაქტობრივად, იმ სიმბოლური აქტის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის შემდეგ, ხელისუფლებამ ვნახეთ, რომ ეს პრაქტიკაშიც გაატარა და სამწუხაროდ აუცილებელ, ევროპულ, დემოკრატიულ რეფორმებზეც თქვა უარი.  ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ გამოძიება დღემდე არ არის ეფექტური. 

ევროპის საბჭოს კომიტეტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდა ჩაატაროს ობიექტური გამოძიება... იმდენად აშკარაა ხელისუფლების არაეფექტურობა, რომ კომიტეტმა მიიღო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება და გამოგზავნა ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ საგამოძიებო ორგანოები არიან უმოქმედოები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამდენი საჯარო მტკიცებულება. თუ ისინი რეალურად გადაწყვეტენ, რომ გამოიძიონ ფაქტები, ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კარგი კვლევა, რომელიც მათ შეუძლიათ სახელმძღვანელოდ გამოიყენონ და დაადგინონ, რა უძღოდა წინ 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს... ეს ყველაფერი არის კარგად შეგროვებული და მოძიებული და საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ კარგად გამოიყენონ...

კვლევის შედეგად, ჩვენი რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობის, ასევე შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და პარლამენტისადმი, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ საქმესთან პასუხისმგებელი შესაბამისი თანამდებობის პირები დაებარებინა პარლამენტში“,- განაცხადა სიმონიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system