თავში

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაგრძელდება

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაგრძელდება
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაგრძელდება

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ სხდომაზე ჩამოაყალიბებს დაცვის მხარე - ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე საპასუხო კონტრარგუმენტების.

დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა 7 ნოემბრის ამსახველი მოვლენების ვიდეო-კარები აჩვენეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დღეს გამოკვლეული არც ერთი ვიდეო სააკაშვილის ბრალეულობაზე არ მიუთითებს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით იყო გაფრთხილება. ვნახეთ, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე საკმაო დრო მიეცათ მომიტინგეებს, რომ პოლიციის მოთხოვნა შეესრულებინათ. ვნახეთ მძიმე კადრები, როდესაც პოლიციას და მოქალაქეებს შორის იყო შეტაკება, მაგრამ ამას ჰქონდა ერთეული ინციდენტების სახე, არ ყოფილა პერმანენტული. მოქალაქეების მხრიდან ხდებოდა ასევე ქვების დაშენა, პოლიციელების ცემა და ა.შ.

დღეს რაც გამოვიკვლიეთ, ეს მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ მიემართება," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის თქმით კი, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააკაშვილის ბრალეულობა დასტურდება.

"როდესაც ბრალდების მხარე საქმის საგნობრივ და შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე.

დაცვის მხარე რომ მიუთითებს დანაშაული არ დასტურდებაო, ისინი რას ელოდებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელკეტით ვიხილავდით ვიდეო-კადრებში?! მიხეილ სააკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი. მისი დავალება სადამსჯელო ღონისძიებაზე, შეასრულეს სამართალდამცველებმა. ეს ჩანს კადრებზე. დაცვის მხარე კი იძახის ერთს, მაგრამ ფაქტი არის მეორე, რომ 7 ნოემბერს ჩადენილია სისტემური უმძიმესი დანაშაული და დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ჩვენი ვიდეომტკიცებულებით," - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system