თავში

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით" - განცხადება

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით" - განცხადება
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით - განცხადება

ადამიანის უფლებათა ცენტრი ოთარ ფარცხალაძის გამამართლებელ განაჩენს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება და არ დაუშვას მართლმსაჯულების პროცესში არაფორმალური გავლენების არსებობა. 

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც გაამართლა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებაში.

2017 წლის 13 მაისს, კლუბ „ელ ცენტროში“, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მის თანმხლებ პირებსა და იმდროინდელ გენერალურ აუდიტორს - ლაშა თორდიას შორის მომხდარი დაპირისპირება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, ამ საქმის ფიგურანტების სტატუსის გათვალისწინებით. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმას გენერალური აუდიტორი საკუთარ საქმიანობას უკავშირებდა, რაც უფრო მეტად ზრდიდა საქმისადმი საზოგადოების ინტერესს.

საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთო პროცესში, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი.ორგანიზაცია თავიდანვე მიუთითებდა სახელმწიფო ბრალდების შესაძლო ტენდენციურობასა და თავად ფარცხალაძის არაფორმალურ გავლენებზე, რაც ხელს უშლიდა სისხლის სამართლის საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ამის ნათელი მაგალითი იყო საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება არარელევანტური და ნაკლები სანქციის მქონე ნორმით, რაც ფარცხალაძისთვის პასუხისგებლობის შესაძლო არიდებას ან უფრო ნაკლები პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავდა მიზნად.

პროკურატურამ საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. თუმცა, ამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობაზე მიუთითებდა, ამ მუხლით დაცული სპეციალური სუბიექტის არსებობის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არც საგამოძიებო ორგანოს და შემდგომში, არც სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ცენტრის ეს მოთხოვნა. გარდა ამისა, საქმის სსკ-ის 126-ე მუხლით წარმოების პირობებშიც კი, სრულებით დაუსაბუთებლად, პროკურატურამ არ გაითვალისწინა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული კვალიფიკაციით წარმართულიყო. ეს კი ლოგიკურად იმ სანქციის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად, რაც დანაშულის ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში იზრდება, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეში შერჩევითი სამართლის ნიშნების არსებობის ცხადი მაგალითია.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქმის შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვდა მასზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაქვემდებარებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებულის წარმომადგენლის მოთხოვნა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ასევე ახორციელებენ სასამართლო მონიტორინგს მთელი ამ დროის განმავლობაში, პროცესის გამჭვირვალეობისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით. მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული ხარვეზები და პროცესის ხელოვნური გაჭიანურება, მუდმივად ამყარებდა ეჭვს მთელი ამ პროცესის არაობიექტურად და მიკერძოებულად წარმართვასთან დაკავშირებით და მიუთითებდა კონკრეტული პირების მიმართ ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლის შესაძლო ნიშნებზე, რასთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ცენტრი მიერ, 2020 წლის აპრილში გამოქვეყნდა ანალიტიკური დოკუმენტი - „გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმე, არაფორმალური გავლენების კვალი ქართულ მართლმსაჯულებაში". დოკუმენტში დეტალურად არის შეფასებული საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი ხარვეზები და ასევე, წარმოჩენილია შერჩევითი სამართლის ნიშნები, კონკრეტული ფაქტების შეფასებებზე დაყრდნობით.

2017 წლის 13 მაისს მომხდარ ფაქტზე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, თითქმის 4 წლის თავზე დადგა. საქმის სპეციალურად გაჭიანურების ეჭვები ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქვეყანაში პანდემიის გავრცელებამდეც არაერთხელ გამოითქვა, შემდგომში კი, პროცესის პანდემიასთან დაკავშირება, ცხადია, ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში უკვე წლებია, არსებობს.

2021 წლის 21 იანვარს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი, რომელიც ინციდენტისას თან ახლდა ფარცხალაძეს. მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გამართლდა.

აღსანიშნავია, რომ პროცესის ბოლო სხდომა დისტანციურად, დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის, მედიის და ამ პროცესით დაინტერესებული სხვა აქტორების დაუსწრებლად ჩატარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, რომელიც ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, გადაწყვეტილების შესახებ პროკურატურისგან დღეს - 2 თებერვალს შეიტყო.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, უკავშირდება საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მიკერძოებულ და ლოიალურ პოზიციას, ასევე გამოძიების არასრულფასოვან წარმართვას. მეორე მხრივ, მსგავსი დახურული ფორმით პროცესის ჩატარება და გადაწყვეტილების გამოცხადება შესაძლოა, მიუთითებდეს არაფორმალური გავლენების არსებობაზე არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებებზე, არამედ სასამართლო ხელისუფლებაზეც, რასაც სასამართლოში პროცესის არალოგიკური ვადით გაჭიანურება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მოწმობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system