თავში

ადვოკატი: ეჭვი მაქვს, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ ჩააგდეს მდინარეში

ადვოკატი: ეჭვი მაქვს, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ ჩააგდეს მდინარეში
ადვოკატი: ეჭვი მაქვს, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ ჩააგდეს მდინარეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს და ჩააგდეს მდინარეში. 

გიორგი ყიფშიძის განმარტებით, შაქარაშვილის ცხედარზე წყლის ზემოქმედება შესამჩნევი არ იყო, გარდა ამისა, მისივე თქმით, მაშველებს აღნიშნული ტერიტორია საგულდაგულოდ ჰქონდათ შესწავლილი. აქედან გამომდინარე, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ცხედარი წყალში 4 დღის განმავლობაში სულაც არ ყოფილა.

"როდესაც მე ვათვალიერებდი გარდაცვლილის ფოტოსურათებს, რეალურად, ერთი საგულისხმო მომენტი იყო - თვითონ წყლის ზემოქმედება და გარკვეულწილად მისი სხეულის მდგომარეობა. ფოტოსურათების ნახვის შემდეგ ეჭვი გამიჩინდა, რომ შესაძლებელია ეს 4 დღე წყალში სულაც არ ყოფილიყო.

წყლის ზემოქმედება არ იყო შესამჩნევი სხეულზე და ამავე დროს არ არის გამორიცხული ჩემი შეხედულებით ის, რომ შესაძლებელია 18-ში კი არ ჩააგდეს წყალში, შესაძლებელია მერე მოიტანეს და მერე ჩააგდეს წყალში ეს ადამიანი, არც ამას არ გამოვრიცხავ," - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system