თავში

ადვოკატი: ნიკოლოზ რევაზიშვილი ნებაყოფლობით თანამშრომლობს გამოძიებასთან

ადვოკატი: ნიკოლოზ რევაზიშვილი ნებაყოფლობით თანამშრომლობ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირია საქმეზე დადგინდეს სიმართლე, ვინაიდან სიმართლის დადგენა, ნიშნავს მის უდანაშაულობას.

კახიძის თქმით, რევაზიშვილი გამოძიებასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობს, მან დეტალური ჩვენება მიაწოდა გამოძიებას, საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, გამოძიებას ნებაყოფლობით გადასცა გაურეცხავი, იმ ღამით ნაცვამი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას მობილური ტელეფონიც.

"გასულ კვირას, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოყვანილი იქნა ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოთქვამდა სურვილს სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და მონაწილეობა მიეღო ნებისმიერი სახის საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის ამოცნობაში. შედგა ამოცნობა და გურამ ამირხანაშვილმა დაადასტურა რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი მან ნახა არაგვის ხიდთან მდებარე ე.წ. ფერად შენობასთან. ამოცნობის დროს ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვებზე, გურამ ამირხანაშვილს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა რაიმე სახის მონაწილეობა მიიღო, როგორც თვითონ აცხადებს მის არაერთ შეცვლილ ჩვენებაში, ავტომანქანაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასმაში.

საზოგადებას ხშირად ესმის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს: მან ნებაყოფლობით, დეტალური ჩვენება მიაწოდა გამოძიებას, საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, გამოძიებას ნებაყოფლობით გადასცა გაურეცხავი, იმ ღამით ნაცვამი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას მობილური ტელეფონი, რომელსაც გამოძიება თურმე ამდენი ხნის მანძილზე ვერ ხსნიდა პაროლის არცოდნის გამო, თუმცა ამ ნაწილშიც გამოძიებას სწორედ ნიკოლოზ რევაზიშვილი დაეხმარა. კერძოდ: გასულ კვირას, პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელსაც ნიკამ მიაწოდა მისი ტელეფონის გამხსნელი პაროლი, თუმცა აღნიშნული გამომძიებელმა ოქმში არ დააფიქსირა და საქმეში გაჩნდა ვიღაც ოპერატიული თანამშრომლობის პატაკი, რომელმაც თითქოს საიდუმლოდ გაიგო ნიკა რევაზიშვილის ტელეფონის პაროლი, რაც არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას. ამაზე მკაფიო და ხელშესახები თანამშრომლობა გამოძიებასთან, ამ ტერმინის ყველაზე ფართო გაგებით, წარმოუდგენელია.

და ბოლოს, ნიკოლოზ რევაზიშვილი, თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირია საქმეზე დადგინდეს სიმართლე, ვინაიდან სიმართლის დადგენა ნიშნავს მის უდანაშაულობას," - განაცხადა შოთა კახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system