თავში

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი რურუას პროცესზე ინციდენტი მოხდა

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი რურუას პროცესზე ინციდენტი მოხდა
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი რურუას პროცესზე ინციდენტი მოხდა

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მცირე ინციდენტი მოხდა. 

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პროკურორმა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მისამართით ყვირილი დაიწყო, რამაც პროცესი გაამწვავა. მისივე თქმით, სიტუაცია მალევე განიმუხტა და პროცესი გაგრძელდა.

„დღეს შეიცვალა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც იყო აგრესიულად განწყობილი, იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი დაცვის მხარეს და ბრალდებულს და ამას მოჰყვა სიტუაციის ოდნავ გამწვავება სასამართლოს სხდომის დარბაზში. უბრალოდ ამ პროკურორებს ავიწყდებათ, რომ ჯერ ისედაც მათი სტატუსი ავალდებულებს, რომ ეთიკურად და ზრდილობიანაც მოიქცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში და მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, სადაც პოლიციელებს ჩადებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყუილად ზის გიორგი რურუა ციხეში. თავად ეს პროკურორებიც არანაკლებ დანაშაულს ჩადიან იმ პოლიციელებზე, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს გიორგის. მათი მხრიდან აგრესიულობა არის უტიფრობა და მეტი არაფერი. ეს იყო სიტუაციის გამწვავების მიზეზი, მაგრამ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მოგვარდა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად სასამართლო განხილვას. გინებას ადგილი არ ჰქონია, იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი, რაც დაწყებული იყო პროკურორის მიერ და მალევე განიმუხტა სიტუაცია”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

„მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ესენი არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები საქმესთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ ესწრებოდნენ ავტომობილის ჩხრეკას. ისინი არანაირ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აწვდიან სასამართლოს გარდა იმისა, რომ ბამბის ჩხირით შესაძლებელია ნებისმიერ საგანზე დნმ-ის ნიმუშის დატანა" - განმარტა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის " ერთ-ერთი მეწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დისტანციური პროცესების შემდეგ, გიორგი რურუა სასამართლო დარბაზში პირველად გამოცხადდა. პროცესზე მისი დასწრება სასამართლომ მოითხოვა.

ამ წუთებში, სხდომაზე სამი ექსპერტ-კრიმინალისტის დაკითხვა მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system