თავში

"ანას ბაღთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი განახლდა

"ანას ბაღთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი განახლდა
ანას ბაღთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი განახლდა

"ანას ბაღთან" საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება. 

დაკავებული გიორგი ფხალაძისა და რატი ქვარიანის ადვოკატი, ბექა თაკალაძე აცხადებს, რომ დღეს სასამართლოზე წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულის უდანაშაულობას დაამტკიცებს.  

"მაქვს მოლოდინი, რომ ანას ბაღის აქციის მონაწილეებს, გიორგი ფხალაძეს და რატი ქვარიანს არ დაუმტკიცებათ ბრალდება. ამისთვის სასამართლოს დღეს ვიდეოჩანაწერებსაც წარვუდგენთ", - აღნიშნა ადვოკატმა. 

თავად აქციის მონაწილე გიორგი ფხალაძე report.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა სკვერის დაცვისთვის პროტესტს თანამოაზრეებთან ერთად კვლავ განაგრძობს. 

"ჩვენ მივმართავთ კანონიერი პროტესტის ყველა ფორმას, რათა დავიცვათ ანას ბაღი და არ მოხდეს იქ უკანონო მშენებლობის განხორციელება, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება"- ამბობს გიორგი ფხალაძე.

ცნობისთვის, ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია 10 იანვრიდან განაახლეს, ისინი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

გასულ კვირას, აქციაზე დაპირისპირებისას 10 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვენენ, როგორც აქციის მონაწილეები ისე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.

4 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავსუფლდა. რაც შეეხება აქციის დროს დაკავებულ ექვს პირს, მათი სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო და დღეს განახლდება. 

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილობრივები ,,ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მშენებლობისთვის საბუთები წესრიგში აქვთ და მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. 

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კი აცხადებს, რომ მშენებლობა მხოლოდ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი და უშუალოდ ბაღს არ ეხება. მისივე თქმით, ანას ბაღის გაფართოება და კეთილმოწყობა იგეგმება. ელოშვილის ინფორმაციით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, დამატებით 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ხოლო თავის მხრივ, გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს. გარდა ამისა, ილია ელოშვილის განმარტებით, ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან სრულად კეთილმოწყობას დათანხმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system