თავში

ანასტასია შატალოვას შვილი ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის

ანასტასია შატალოვას შვილი ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის
ანასტასია შატალოვას შვილი ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის. გადაწყვეტილება მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ  მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე დავა სასამართლოში ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს სასამართლოში ჰქონდათ, თუმცა, მაშინ მოსამართლემ ბავშვი დედის ზრუნვაში დატოვა.

დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მოკლულის ადვოკატი. პაატა შავაძის განცხადებით, მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისივე თქმით, ბავშვის მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო შატალოვას ოჯახის სურვილია, რომ ბავშვი მათ მეურვეობაში დარჩეს.

"ეს ყოვლად დაუშვებელია. მამა არის ბრალდებული ბავშვისა და ქალბატონის მიმართ, შესაძლო, ძალადობის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ბრალი აქვს წარდგენილი ამ ადამიანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დამცავი ორდერის გაცემის საკითხს, სადაც განმცხადებლები არიან - ანასტასია შატალოვა და მისი შვილი. არა ერთი საჩივარია წარდგენილი და ორდერი გაცემული. ისმის კითხვა - რა სამართლებრივი საშუალება გამოძებნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, რომელმაც ასე უაპელაციოდ ბავშვი გადასცა მამას", - ამბობს პაატა შავაძე. 

ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს. მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა. სასტიკი დანაშაულის საქმეზე 3 პირია დაკავებული.

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა, ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

მკვლელობის დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს და თავადაც შეძრულია ტრაგედიით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შატალოვას საქმეზე დაკავებულია სამი პირი. თბისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system