თავში

არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება - გვარამია

არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება - გვარამია
არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება - გვარამია

ნიკა მელია, რომელიც დღეს მისმა ადვოკატებმა მოინახულეს, აცხადებს, რომ არც გირაოს გადახდა და არც მისი გათავისუფლება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. ამის შესახებ რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას უფლებებს დაიცავს

გვარამიას ინფორმაციით, ნიკა მელია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების საგანი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს. 

"მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიცაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ასე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელეისულფების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე." - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება მზად არის მიმართოს სასამართლოს, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა კვლავ შეიცვალოს გირაოთი.

პროკურატურის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნადა მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system