თავში

არჩილ თალაკვაძემ სალომე სამადაშვილის განცხადება დააკმაყოფილა

არჩილ თალაკვაძემ სალომე სამადაშვილის განცხადება დააკმაყოფილა
არჩილ თალაკვაძემ სალომე სამადაშვილის განცხადება დააკმაყოფილა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ მან ციხეში გიორგი რურუას მონახულება შეძლოს.

"მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ-19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება, არასწორია" - წერია განცხადებაშ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

ცნობისთვის, ციხეში, გიორგი რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, რურუაზე თავდასხმა იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან.

აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system