თავში

ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება - ომბუდსმენი

ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება - ომბუდსმენი
ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებას დაადასტურებს. ამასთან, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მის მიერ სასამართლოს მეგობრის (ამიკუსის) სტატუსით წარდგენილი მოსაზრება, მოსამართლეს დაეხმარება საქმის სამართლიან შეფასებაში. 

"გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ელემენტებს.

სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განიხილავს, თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით. სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს კონკრეტული ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ფულის გათეთრების დანაშაულის კონვენციური შინაარსიდან გამომდინარე, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:

პრედიკატული დანაშაულის ჩადენა - ფულის გათეთრებისთვის აუცილებელია, არსებობდეს (როგორც წესი, რეგულარული და არაერთგზის ჩადენილი) დანაშაული, რომლითაც პირმა „შავი ფული“ მოიპოვა. წინამდებარე საქმეში მსგავსი დანაშაულის რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის;

უკანონო ლეგალიზაციის სქემა - ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად და არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები.

უკანონო ლეგალიზაციის მიზანი - ფულის გათეთრების მიზანს წარმოადგენს წინასწარ უკანონოდ, დანაშაულებრივად მიღებული და წვრილმანი ტრანზაქციების მეშვეობით კანონიერად შენიღბული ფულის უკან დაბრუნება ლეგალურ ანგარიშზე. საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის ბრალდებულთა ანგარიშზე დაბრუნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებაში აღწერილი ქმედება ფულის გათეთრება ვერ იქნება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის, ბოლო სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ასევე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system