თავში

დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესზე მეუფე პეტრე მივიდა

დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესზე მეუფე პეტრე მივიდა
დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესზე მეუფე პეტრე მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ, მეუფე პეტრე მივიდა.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ღირსეული, თავისუფალი და ღვთისნიერი სასამართლოსა და მოსამართლის პირობებში, შეუძლებლად მიაჩნია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საშუალება არ მისცენ, მკურნალობის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულება დროებით დატოვოს.

ცნობისთვის, ოჯახი დეკანოზის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადებას მოითხოვს.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადება მოითხოვა. 

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს. 

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.დეკანოზის საქმეზე შუამდგომლობა საპატრიარქომ გასწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system