თავში

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებული არ დაესწრება, ნიკა მელია, 13 აპრილს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა. 

ამ ეტაპზე უცნობია, წარადგენს თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობას.

დაცვის მხარე კი დღევანდელი პროცესიდან რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ელის. ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი დარწმუნებულია, რომ სხდომა "მორიგი ფორმალობა" იქნება.

"მორიგი ფორმალური პროცესი იქნება, ვინაიდან მოგეხსენებათ ეს არის მართლმსაჯულების იმიტაცია, რაც ნიკა მელიას საქმეზე ხდება. აღნიშნული პროცესიდან სიახლეებს არ ველით. ნიკა მელია აცხადებს თანხმობას ევროკავშირის გირაოზე, თუკი იქნება გათხოვილი ამნისტიის ის კანონი, რომელიც არის ინიცირებული," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system