თავში

ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავენ

ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავენ
ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავენ

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, "უფლებები საქართველოს" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს და სთხოვს, გაუწიოს რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის მართლმსაჯულებაში არსებულ ვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმოადგენს მართლმსაჯულების სიღრმისეული გაჯანსაღების რეალურ გეგმას.

"გვსურს დავადასტუროთ ჩვენი ღრმა პატივისცემა ვენეციის კომისიის მიმართ და მადლიერება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში ცვლილებებსაც ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი მისი მიღების შემდეგ გადმოიგზავნა ვენეციის კომისიას დასკვნისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკანონმდებლო აქტით გაუმჯობესებულია ღიაობისა და დასაბუთებულობის სტანდარტები მიგვაჩნია, რომ ეს პროცედურული ხასიათის შესწორებები ვერ ცვლის სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას.

გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ამჟამად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რომლის ერთ ერთი მიზეზი ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობაა.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სასამართლოს სისტემური პრობლემების აღმოფხვრაზე და ეფექტიანი რეფორმის გატარებაზე ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეთანხმება, რის შემდეგაც შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები სისტემის სისტემური გაჯანსაღების მიზნით.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სასამართლო სისტემამ რეფორმის მრავალი ეტაპი განვლო, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა ჯანსაღი, სანდო და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირება.

პოსტკომუნისტური ქვეყნებში სასამართლო სისტემებში ერთმანეთის მსგავსი პრობლემებით ხასიათდებიან, რომელთა შორის აღსანიშნავია აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა სასამართლო საქმეებში და საკადრო პოლიტიკაში, კორუფცია და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ტრადიციის არარსებობა;

ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემატური გახდა სამოსამართლო კორპორატივიზმის და კლანური მმართველობა, რომელიც სასამართლო სისტემების ჩაკეტვის, სტაგნაციის და პოლიტიკური კონტროლის ახალ მექანიზმად ჩამოყალიბდა და გააჩინა დამატებითი კორუფციული რისკები.

2012 წლამდეც საქართველოში სასამართლო სისტემა გამოირჩეოდა დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით. სასამართლო სისტემაში არსებობდა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირთა გავლენიანი ჯგუფი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო მოსამართლეების პოლიტიკური კონტროლი. აღნიშნული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებდა მოსამართლეებზე ზეწოლას, პოლიტიკურად ურჩი მოსამართლეების დასჯას და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლეების წახალისებას. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად, მოსამართლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავის თავს აღიქვავდა შემსრულებლად, რომლის ფუნქცია იყო სასამართლოს ხელმძღვანელობისადმი უსიტყვო მორჩილება და მისაღები გადაწყვეტილებების წინასწარ შეთანხმება.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ქართული ოცნების მთავარი საარჩევნო დაპირება დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა იყო. ამ მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რომელთაც წესით სასამართლო კორპუსის გაჯანსაღება, თვითწმენდა და გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მოვლენები ამის საპირისპიროდ განვითარდა. მოსამართლეთა უმრავლესობამ სწორედ პირთა იმ ჯგუფს დაუჭირა მხარი, რომლებიც მათ ხელშეუხებლობას და გადანიშვნას შეპირდა. ამ გზით სამოსამართლო თვითმმართველობის სათავეში მოექცა მოსამართლეთა იგივე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აკონტროლებდა მართლმსაჯულებას. შედგა სამმხრივი გარიგება აღნიშნულ ჯგუფს (რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება კლანის სახელით მოიხსენიებს), მოსამართლეებს და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის, რითაც მოსამართლეებმა მიიღეს კარიერული უსაფრთხოება და უვადო გადანიშვნა, ქართულმა ოცნებამ მიიღო პოლიტიკური მართლმსაჯულება, ხოლო კლანმა მიიღო ძალაუფლების ყველა ბერკეტი სასამართლოს შიგნით და იმუნიტეტი, რომლის გამოყენება მან კორუფციული მიზნით დაიწყო.

გამომდინარე იქედან, რომ საკანონმდებლო აქტების შეფასებისას ყოველთვის ითვალისწინებთ ადგილობრივ კონტექსტს, გვსურს გაუწყოთ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალი, რაც დღეს ახასიათებს სასამართლო სისტემას:

  • -საქართველოს სასამართლო სისტემას აქვს საზოგადოებრივი ნდობის დაბალი ხარისხი.
  • -სასამართლო სისტემის ყველა მმართველი რგოლი მოქცეულია პირთა ერთი ჯგუფის, კლანის ხელში, რომელიც გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან[1].
  • -იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეთა ინდივიდუალური თავისუფლების ხარისხი გაცილებით აღემატება 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა ხშირია როდესაც ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ან/და კლანის კორუფციულ ინტერესს წარმოადგენს.
  • -მოსამართლეთა თვითმმართველობის არჩევნებზე არ არსებობს კანდიდატებს შორის კონკურენცია. ყველა კანდიდატი წინასწარ შეთანხმებულია კლანთან და იღებს მოსამართლეთა უპირობო მხარდაჭერას. სასამართლოს შიგნით ნაკლებია პლურალიზმი.
  • -სასამართლო სისტემა ჩაკეტილია, მოსამართლეთა დანიშვნები ხორციელდება კლანთან წინასწარ ფარული შეთანხმებით, ხოლო შემდგომი პროცედურები ემსახურება უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას.
  • -უვადო მოსამართლეებად სისტემატურად ინიშნებიან პირები, რომელთა გადაწყვეტილებები მკაცრად გაკრიტიკებული ევროსასამართლოს მიერ, აქვთ მძიმე მორალური რეპუტაცია და რომელთა დანიშვნაც ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ისედაც დაბალ ნდობას.
  • -სამოსამართლო ღირებულებების სისტემა სრულად დეგრადირებულია. სასამართლოს შიგნით ხალისდება არა დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება, კვალიფიციურობა, არამედ კორპორაციული ერთგულება და პოლიტიკური დაკვეთების შესრულება.
  • -რეგულაციების დახვეწის მიუხედავად მოშლილია მოსამართლის ანგარიშვალდებულების ყველა მექანიზმია. რეალურად იმუნიტეტი აქვს ყველას, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს კლანთან.
  • -სასამართლოში არსებული არასახარბიელო ვითარების გამო, სისტემა არ იზიდავს პრინციპულ და კვალიფიციურ კადრებს ამავე მიზეზით, სასამართლო სისტემაში ახალი კადრის შედინება ძირითადად სასამართლო აპარატიდან ხდება - თანაშემწეებიდან და სხდომის მდივნებიდან, რაც ხელს არ უწყობს ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას.
  • -სასამართლო სისტემის ჩაკეტვის გამო შეიქმნა საკადრო კრიზისი, რამაც საქმეების დაგროვება და საქმისწარმოების სისტემური მნიშვნელოვანი გაჭიანურება გამოიწვია.

ზემოაღნიშნულ პრობლემებს ხელს უწყობს პრობლემების რეალური მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა. ვხედავთ, რომ 2016 წლიდან დღემდე ყველა საკანონმდებლო ცვლილება კლანის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა გაამწვავა იმან, რომ 2012-2019 წლებში მოსამართლეთა უმრავლესობას გაუვიდა უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა, რამაც მათი კარიერა კლანზე დამოკიდებული გახადა, სისტემიდან სრულად განიდევნენ კლანური მმართველობის მოწინააღმდეგე მოსამართლეები, რომლებიც არ შევიდნენ ალიანსში კლანთან.

მიგვაჩნია, რომ 2012 წლის შემდეგ განხორციელებული სასამართლო რეფორმების ჩავარდნის ერთ ერთი მთავარი მიზეზი იყო ის რომ ეს ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემის სათანადო სიღრმისეული შესწავლის, პრობლემის აღიარების და სწორი დიაგნოზის დასმის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ, საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის განხილვისას:

  • -ვენეციის კომისიის დასკვნა ემყარებოდეს ადგილობრივი კონტექსტის ადექვატურ შეფასებას;
  • -გაუწიოთ რეკომენდაცია ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის მართლმსაჯულებაში არსებულ ვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმოადგენს მართლმსაჯულების სიღრმისეული გაჯანსაღების რეალურ გეგმას.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.


[1]საქართველოს სასამამართლოებში კლანის არსებობა ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო ანგარიშებში, იხ. მაგ. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში https://www.state.gov/reports/2020-country-reports-on-human-rights-practices/georgia/ " - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system