თავში

EMC გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებას ითხოვს

EMC გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებას ითხოვს
EMC გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

"ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა პოლიტრამვა, რომელიც ვერ იქნა დროულად ამოცნობილი ადმინისტრაციის მიერ და საბოლოოდ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. დეკანოზის დაკავების, მისი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების პროცესი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების უხეში დარღვევისა და კლერიკალური და პოლიტიკური აქტორებისგან საინფორმაციო ზეწოლისა და შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა, მას უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში აყენებდა და დაუცველობის ღრმა განცდას უჩენდა. შესაბამისად, სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგოლომაში EMC ასაბუთებს სტრესისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში დეკანოზის გადაყვანის მნიშვნელობას მისი მკურნალობისთვის, რაც ფსიქოსომატური დაავადების მიზეზის შეცვლისა და მისთვის ადეკვატური და კომპლექსური მკურნალობის მიღების შესაძლებლობას შექმნის. 

ცხადია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული პირობებისა და მკურნალობის პროცესის ამ ფორმით შენარჩუნება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას არსებითად დაამძიმებს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას კიდევ უფრო გაამყარებს”, - აღნიშნავენ EMC-ში. 

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system