თავში

ეს კადრები შედარებით მსუბუქი იყო - მეგის ქარდავას საქმის პროკურორი

ეს კადრები შედარებით მსუბუქი იყო - მეგის ქარდავას საქმის პროკურორი
ეს კადრები შედარებით მსუბუქი იყო - მეგის ქარდავას საქმის პროკურორი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს შეეხება, რომელშიც ქარდავასთან ერთად მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ფიგურირებს. 

"მეგის ქარდავას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით დავიწყებ. მან განაცხადა, რომ ეს ვიდეოკადრები მისი ბინის ჩხრეკისას არ ამოუღიათ. მინდა დავადასტურო, რომ კადრები ნამდვილად უკრაინაში მდებარე მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. განცხადებაში მეგის ქარდავას არაფერი უთქვამს ვიდეოკადრების შინაარსობრივ მხარეზე, ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ჩვენთვის ეს უფრო საინტერესოა. მოვედით დაწესებულებაში, რომ ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამ მეგის ქარდავას კითხვები დაუსვას. თუ რამის თქმა უნდა, ან პრეტენზია გააჩნია, შეუძლია გვითხრას. გამოქვეყნებული კადრები მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული კადრების ნაწილია, ამაზე მძიმე კადრები და უმძიმესი კატეგორიის დანაშაულებია, ეს კადრები შედარებით მსუბუქი იყო და აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ამის ჩვენება შეიძლებოდა. ისეთ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობდა და კადრების მიხედვით ეპიზოდები დაემთხვა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს დაერთვება. თუ რამე ახალი დანაშაულის შემცველი ინფორმაცია იქნება კადრებზე, ბუნებრივია, გამოძიება დაიწყება. ჩვენ მიერ გავრცელებულ კადრებზე ბრალდებულია მეგის ქარდავა და სამართლებრივი და უსაფრთხოების რეჟიმის იმჟამინდელი უფროსები.

გახსოვთ, 2011 წელს ე.წ. ტერორისტების დაკავების სერიები იყო, ერთ-ერთი ეპიზოდში ამ საქმის დაზარალებული იყო ნარკოტიკებზე დაკავებული, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადმოიყვანეს. მისი სასტიკი მოპყრობის მიზანი იყო არარსებულ ტერორისტულ აქტებზე აღიარებითი ჩვენების მიცემა. ამ საქმის აბსურდულობა ის გახლვთ, რომ მიუხედავად აღიარებითი ჩვენების მიცემისა, ამ კაცზე დევნაც არ დაწყებულა ტერორისტული აქტის ბრალდებით. კადრებში სასტიკი მოპყრობა პირდაპირ არის აღბეჭდილი - დაზარალებულის დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ.",- განაცხადა კოტრიკაძემ.

მეგის ქარდავას განცხადებით, მისი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და მის საცხოვრებელ სახლში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system