თავში

ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა

​ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა
ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახველდიანმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით.

ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე. ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.

რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system